პრემიერის გადაწყვეტილება იმის მაგალითია, თუ როგორ უსმენს ხელისუფლება ხალხში არსებულ გამოწვევებს და ამაზე რეაგირებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც სასურსათო ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საჭიროა, გაირკვეს, ხომ არ არის კარტელური გარიგებები და შეთანხმებები, რის გამოც ადამიანები ცდილობენ, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებში უფრო მეტი ფასი გადაახდევინონ.
„ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევა პროდუქტის ფასებია, რომელსაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება. პრემიერ-მინისტრია გადაწყვეტილება ცალსახად მისასალმებელია, რომ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება მოხდეს. ამავე დროს, მოკვლეული იყოს, თუ რა რატომ იზრდება ფასები მაშინ, როცა ერთი და იმავე პროდუქტი სხვა ქვეყანაში გაცილებით უფრო იაფი ღირს. ეს მაშინ, როცა ამ კონკრეტულ ქვეყანაში მუშა ხელის დაქირავება უფრო ძვირია, ასევე ტრანსპორტირება და პროდუქტის გასაყიდი ადგილის ქირავნობაც. ამ თვალსაზრისით საქართველოში ფასების ნაკლებობის მიუხედავად, საკვებ პროდუქტებზე ფასები იზრდება. ეს ის პროდუქტებია, რომელსაც თითოეული მოქალაქე მოვიხმართ. საჭიროა, გაირკვეს, ხომ არ არის კარტელური გარიგებები და შეთანხმებები, რის გამოც ადამიანები ცდილობენ, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებში უფრო მეტი ფასი გადაახდევინონ. პრემიერის გადაწყვეტილება იმის მაგალითია, თუ როგორ უსმენს ხელისუფლება ხალხში არსებულ გამოწვევებს და ამაზე რეაგირებს. საპარლამენტო კომისია შეიქმნება და ამ მიმართულებით მუშაობა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები.კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.




