გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი დროებითი გადახურვისა და გათბობის სისტემასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი “ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით პასუხობს.

კომიტეტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვისა და გათბობის სისტემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელდა არაზუსტი და სუბიექტურ შეფასებებზე დაფუძნებული ინფორმაცია.

კომიტეტის თქმით, პროექტი ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით, არსებული რისკების გათვალისწინებით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ხოლო გავრცელებული ბრალდებები რეალურ ტექნიკურ მონაცემებს არ ეყრდნობა.

„რეალობა კი შემდეგში მდგომარეობს:

ა) ტაძრის ერთიანი გადახურვის სტრუქტურის სპეციფიკა, პროექტის შესაბამისად, მოითხოვს, რომ გადახურვის ზედაპირის ფართობზე დადებული თოვლის სიმაღლე არ აღემატებოდეს 20 სანტიმეტრს, სწორედ ამ ტექნიკურმა მონაცემმა განაპირობა დროებითი გადახურვის შეთბობის საჭიროება. გათბობა-ვენტილაციის სისტემის ჰაერსატარები იმგვარადაა მოწყობილი, რომ დროებითი გადახურვის ფენილების ქვედა მხრიდან შეთბობის მეთოდით დროებითი გადახურვის ზედაპირზე თოვლის ეფექტური დნობა  გამოიწვიოს.

ბ) ზამთრის პერიოდში, აღნიშნული გათბობა-ვენტილაციის სისტემის ფუნქციონირება, მხოლოდ მაშინ არის გათვალისწინებული, როდესაც ერთიანი დროებითი გადახურვის საფარზე დადებული თოვლის სისქე 20 სმ-ს მიაღწევს. დღევანდელი კლიმატური რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა, აღნიშნული გათბობის სისტემის ჩართვა ზამთრის კონკრეტულ სეზონებზე საერთოდ არ გახდეს საჭირო, ან მისი ჩართვების საჭიროება ერთეული რაოდენობებით შემოიფარგლოს (ისიც რამდენიმესაათიანი ციკლებით), რათა მაღალტექნოლოგიური საფარი მასალა დადებული თოვლის მასისგან განთავისუფლდეს.

გ) სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა გელათის კლიმატური ზონის შესწავლა და განისაზღვრა სტრუქტურის გადახურვის, მაღალტექნოლოგიური მატერიის, ქვედა სიბრტყის, გათბობის ტემპერატურული დიაპაზონი.

სპეციალისტების ჩართულობით დადგინდა, რომ გადახურვის მაღალტექნოლოგიური მატერიის გათბობა უნდა მოხდეს  ან +2c-დან +4c-მდე (რაც თოვლის საფარის ეფექტური დნობის კუთხით სარისკოდ მიიჩნიეს), ან +9c-ის ზევით. შესაბამისად, სპეციალისტებმა საუკეთესო ტემპერატურულ დიაპაზონად +9c-დან +14c -მდე ტემპერატურა  მიიჩნიეს.

აღნიშნული ტემპერატურული დიაპაზონი (+9c – +14c)  აზღვევს გადახურვის მაღალტექნოლოგიური მატერიის ქვედა მხარეს ნამის წარმოქმნისგან, ვინაიდან დადგინდა, რომ +5c- დან +8c-მდე ტემპერატურაზე მატერიის ქვედა მხრიდან წარმოიქმნებოდა ნამი (იხილეთ საფარის გათბობისა და ვენტილაციის პროექტი და სამშენებლო კლიმატოლოგიის დაპროექტების ნორმების ცხრილები).

რაც შეეხება კრიტიკოსების მხრიდან წამოჭრილ საკითხს გათბობის სისტემის პერიოდული ფუნქციონირების შედეგად ტაძრის ფასადზე ნამის წარმოქმნის თაობაზე, ან როგორც დაასკვნეს, ტაძრის 140 სმ-იანი კედლების შიგნით, +14c-ის გავლენით, კედლის მხატვრობის დაზიანების საკითხს, ეს მოსაზრება ლოგიკის მიღმაა და ამაზე  აღარ შევჩერდებით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დამონტაჟებულ აგრეგატებს, გარდა ჰაერის შეთბობის ფუნქციისა (რომელიც ჩვენს შემთხვევაში მიმართულია კონსტრუქციის გადახურვის მატერიიის ძირის შეთბობისთვის და თოვლის დნობისთვის) გააჩნიათ შეუმთბარი/არსებული ჰაერის დაბერვის ფუნქციაც, რაც საჭიროების შემთხვევაში, ზაფხულის პერიოდში არსებული სივრცის ვენტილაციისთვის იქნება გამოყენებული.

დ) კრიტიკის მცდელობას წარმოადგენდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში გარემო პირობების ე.წ. კლიმატის სპეციალისტის თითქოს არყოფნა და ამ კუთხით პროცესის არა სანდოობაც.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის პარტნიორი და მხარდამჭერი უმაღლესი რანგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და დახმარებით, პროექტში მის გუნდთან ერთად მონაწილეობს და გარემო პირობების კუთხით სამეცნიერო ხელმძღვანელობას ახორციელებს, დასავლეთ ევროპაში გარემო პირობების კვლევის, შესწავლისა და მონიტორინგის სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, პროფესორი – ბატონი დარიო კამუფო, რომლის სამეცნიერო ნაშრომები მსოფლიოში სასწავლო სამეცნიერო სტანდარტად არის მიჩნეული.

გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჩვენი ერისთვის დიდი საკრალური მნიშვნელობისაა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის უტყუარ ბეჭედს წარმოადგენს, უფლის წყალობით, მაღალი საერთაშორისო პრინციპების თანახმად იქნება რეაბილიტირებული“, – წერია განცხადებაში

თორნიკე ბარათაშვილის თქმით, დროებითი გადახურვისთვის გამოყენებული PVC ფირი ჰერმეტულია, არ ატარებს ორთქლს და არ აქვს სათანადო ვენტილაცია, რაც ქმნის თერმული ჯიბეების, მიკროკლიმატის დესტაბილიზაციისა და კონდენსაციის რისკს. მისი შეფასებით, ჰაერისა და ქვის სხვადასხვა ტემპერატურაზე გათბობამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს ბზარები, მარილების მიგრაცია და ფრესკების დაზიანება.

წყარო