აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მომავალ წელს აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ყაზახეთსა და უზბეკეთს მოიწვევს.
ამის შესახებ ტრამპმა ყაზახეთის და უზბეკეთის პრეზიდენტებთან ცალ-ცალკე გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ, თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე კონფლიქტებში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობა, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაზრდის საკითხები. ორივე ქვეყანასთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს. მომავალ წელს შეერთებული შტატები G20-ის სამიტს უმასპინძლებს და ჩვენ ორივე ლიდერს გავუგზავნით მოწვევას, რათა სტუმრის სტატუსით დაესწრონ ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, რომელიც მაიამიში გაიმართება“, – განაცხადა ტრამპმა.
ყაზახეთი და უზბეკეთი G20-ის წევრები არ არიან, თუმცა მსხვილი ეკონომიკების ლიდერების ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა ხშირად იწვევს არაწევრებს სამიტზე დასასწრებად. 2026 წლის შეხვედრა დაგეგმილია ტრამპის გოლფის კლუბში, მაიამის მახლობლად.
„აშშ-ის ადმინისტრაცია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ცენტრალურ აზიას, რომელიც მინერალების მდიდარ მარაგებს ფლობს და მსოფლიო ურანის დაახლოებით ნახევარს აწარმოებს. ეს ხდება იმ ფონზე, რომ აქტიურდება იშვიათი ლითონების ძიება, რომლებიც აუცილებელია მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისთვის, მათ შორის სმარტფონების, ელექტრომობილებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის“, — წერს AP.




