-ში ჩასვლა აუკრძალეს ყოფილ ევროკომისარს და კიდევ ოთხ ევროპელს

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს.
გადაწყვეტილება ხუთი პირისთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ 23 დეკემბერს გამოაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.
რუბიოს თანახმად, „ამ რადიკალურმა აქტივისტებმა და შეიარაღებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა“ ხელი შეუწყვეს ამერიკელი სპიკერებისა და ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ ცენზურის გაძლიერებას უცხოეთის სახელმწიფოების მხრიდან.
სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ აშშ-ში მათ ჩასვლას, ყოფნას, ან საქმიანობას შესაძლოა, ქვეყნისთვის სერიოზული უარყოფითი საგარეო პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს.
ყოფილი ევროკომისარი, ფრანგი ტიერი ბრეტონი იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი კანონის ციფრული მომსახურების შესახებ(DSA), რომლის საფუძველზეც ევროკავშირი მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს გამჭვირვალობას და სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
2025 წლის დეკემბრის დასაწყისში ევროკომისიამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა სოციალური პლატფორმა X, რომლის მფლობელიც პრეზიდენტ ტრამპის თანამოაზრე, მილიარდერი ილონ მასკია.
„მაკარტის კუდიანებზე ნადირობა ბრუნდება?“ – დაწერა ტიერი ბრეტონმა სოციალურ ქსელ X-ში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მას აშშ-ში ჩასვლა აეკრძალა. ბრეტონი გულისხმობდა „ცივი ომის“ პერიოდში აშშ-ის სამთავრობო დაწესებულებებში კომუნისტების გამოსავლენად ჩატარებულ გამოძიებას, რომელსაც სენატორი მაკარტი ხელმძღვანელობდა.
ტიერი ბრეტონმა ამერიკელ მეგობრებს მიმართა, რომ ცენზურა იქ არ არის, სადაც ჰგონიათ.
ტიერი ბრეტონის გარდა სანქცირებული არიან ციფრულ სიძულვილთან მებრძოლი ორგანიზაციის, CCDH-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი იმრან აჰმედი, „გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის”(GDI) დამფუძნებელი, ბრიტანელი კლერ მელფორდი და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის, HateAid-ის წარმომადგენლები ანალენა ფონ ჰოდენბერგი და ჟოზეფინა ბალონი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სარა როჯერსმა სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ იმრან აჰმედის სანქცირების ერთ-ერთი მიზეზია მისი ორგანიზაციის ანგარიში Disinformation Dozen, რომელიც ეხებოდა ვაქცინაციის მოწინააღმდეგე თორმეტ ცნობილ ამერიკელ „ანტივაქსერს“, მათ შორის აშშ-ის ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს, უმცროს რობერტ კენედის.
GDI-ის წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ის სანქციები სიტყვის თავისუფლებაზე ავტორიტარული შეტევა და სახელმწიფო ცენზურის აქტია.
ორგანიზაცია HateAid-ის წარმომადგენლებმა ანალენა ფონ ჰოდენბერგმა და ჟოზეფინა ბალონმა განაცხადეს, რომ სანქციები რეპრესიის აქტია იმ მთავრობის მხრიდან, რომელიც სულ უფრო მეტად უგულებელყოფს კანონის უზენაესობას და ყველა საშუალებით ცდილობს კრიტიკოსების გაჩუმებას. მათივე შეფასებით, აშშ-ის მთავრობა ეჭვქვეშ აყენებს ევროპის სუვერენიტეტს.
ფორუმი