თურქეთის დედაქალაქ ანკარის მახლობლად კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც ლიბიის არმიის გენერალური შტაბის უფროსი მოჰამედ ალ-ჰადადი და კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი Falcon 50, რომელიც ანკარიდან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ბრუნდებოდა, 23 დეკემბერს ღამით ჩამოვარდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი ერლიქაიას ინფორმაციით, თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა ანკარის აეროპორტიდან გაფრენიდან დაახლოებით 40 წუთში. თვითმფრინავის ნამსხვრევები ჰაიმანის რაიონში აღმოაჩინეს. Falcon 50-ის პილოტმა ამ რაიონში ყოფნისას ითხოვა საგანგებო დაშვების უფლება. ამის შემდეგ ბორტთან კავშირი შეწყდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ლიბიის ხელისუფლებამ გენერალური შტაბის უფროსისა და თვითმფრინავში მყოფი სხვა პირების დაღუპვა დაადასტურა. ლიბიის პრემიერ-მინისტრმა აბდულ ჰამიდ დბეიბამ განაცხადა, რომ ქვეყანამ დიდი დანაკარგი განიცადა.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ლიბიის სახმელეთო ძალების მეთაურიც, სამხედრო მრეწველობის სამმართველოს დირექტორი, გენშტაბის უფროსის მრჩეველი და ფოტოგრაფი.
ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები ანკარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და თურქეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ფორუმი




