მებაჟეებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომობილში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომობილში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 417,17 გრამი) გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 42 098,76 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.