გაუთქმელობის ხელწერით დადასტურების შემთხვევაში, ადვოკატს გადაეცემა საქმის მასალები – პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე

28 წლის პედაგოგის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადება ეხება საქმის მასალებსა და ოჯახთან კომუნიკაციას.
გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად საქმეზე დაკავებულია ოთხივე პირი არასრულწლოვანია, უწყებამ საქმის მასალები ოჯახის ადვოკატს არ გადასცა. პროკურატურაში მიზეზად “გახმაურების საშიშროებას, შესაბამისად გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს” ასახელებენ. თუმცა, როგორც განცხადებაში წერია, ადვოკატ დარეჯან სულაშვილს მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა მისცეს 7-ჯერ – 23, 25 და 28 ოქტომბერს, ასევე 11, 16, 17 და 19 ნოემბერს.
როგორც პროკურატურაში ამბობენ, ადვოკატმა სულაშვილმა მასალების გადაცემაზე უარი ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა 19 ნოემბერს, თუმცა, “ვინაიდან 18 ნოემბერს საქმე უკვე სასამართლოში იყო წარმართული, საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას საქმის მასალების გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმე ამ დროს უკვე სასამართლოში იყო გადაგზავნილი”.
როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, ადვოკატმა მასალების გადაცემა მოსამართლესთან მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა იმ პირობით, თუ ის ხელს მოაწერდა გაუთქმელობის შესახებ ხელწერილს.
“სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა და რადგან სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვანები, მოითხოვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაეწერა ხელწერილი საქმის მასალების გაუთქმელობის შესახებ, რაზეც ამ დრომდე რეაგირება და უკუკავშირი სასამართლოსთან არ მომხდარა. სასამართლოსთან შესაბამისი უკუკავშირის შემთხვევაში, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საქმის მასალების გადაცემის შესახებ”, – აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება ოჯახთან კომუნიკაციას, პროკურატურის განმარტავს, რატომ ვერ შედგა შეხვედრა მოკლულის ოჯახის წევრებსა და თბილისის პროკურორს შორის.
“გუშინ, 2025 წლის 22 დეკემბერს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეეთავაზათ თბილისის პროკურორთან შეხვედრა. თბილისის პროკურატურაში შეხვედრაზე მისულ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, პროკურატურის შინაგანაწესის თანახმად, ტელეფონების სპეციალურ შესანახ კარადაში განთავსება ეთხოვათ, რაზეც მათ უარი განაცხადეს, იმ მოტივით, რომ პროკურატურას შესანახად ვერ ანდობდნენ მობილურ ტელეფონებს და მოითხოვეს შეხვედრაზე ტელეფონებით შესულიყვნენ. როგორც წესი, პროკურატურის შენობაში მობილური ტელეფონებით მოქალაქეები არ დაიშვებიან. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის შემდეგ, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს შესთავაზეს შეხვედრაზე მობილური ტელეფონით დასწრება, თუმცა ოჯახმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, მათ უფლებადამცველებთან ერთად, შესთავაზეს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალებებით შეხვედრაზე დასწრების შესახებ შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა, რათა ეს არ გამხდარიყო მორიგ ჯერზე შეხვედრაზე უარის თქმის საბაბი. აღნიშნული შეხვედრა ოჯახის გადაწყვეტილებით მაინც არ შედგა”, – აცხადებენ უწყებაში.
გუშინ, 22 დეკემბერს, გიგა ავალიანის ოჯახმა თბილისის პროკურატურასთან აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვნებია:
· გადაკვალიფიცირდეს ბრალდება და გამოძიება გაგრძელდეს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით (ახლა გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს);
· პასუხისგებაში მიეცეს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.