ბრეგაძე: მარტო ყოფნა სააკაშვილს თავად უნდოდა, თუ უნდა, ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო

კიდევ ერთ გარემოებაზე მინდა, გავამახვილო ყურადღება – დასკვნაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოსდა ის არის მარტო და ფაქტობრივად, სამარტოო საკანს უთანაბრდება მისი ეს გარემოებაო.
მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც მარტო ყოფილიყო. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. დღეის მდგომარეობით, მას ჰყავდა 3 000 ვიზიტორი, არასრულ ორწელიწადნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო, როცა ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად, რანაირად არის მარტო?
თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ ვინმე სხვა პატიმარს, ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალატაში, ასევე, შემდგომში საკანშიც, თუ ამის სურვილი იქნება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია, რომ ყოფილიყო მარტო და ამით, ვფიქრობ, ყველაფერს პასუხი გაეცა.
კიდევ საუბარი იყო სეირნობასთან დაკავშირებითაც… მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არცერთხელ უსარგებლია სეირნობის უფლებით, არ გამოუხატავს ამის სურვილი და პირიქით, ყოველ შეთავაზებაზე ამბობდა ამის შესახებ უარს.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის კომიტეტის (CPT) ანგარიშზე, რომელშიც კლინიკა ვივამედის დაცულ პალატებში მყოფი პატიმრების მდგომარეობაა განხილული.