საქართველოში სატრანზიტო ტვირთბრუნვა მცირდება, ეს საგანგაშო სიგნალია – „სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია“ (bm.ge)

საქართველოს სატრანზიტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების მიერ გზათსარგებლობისთვის გადახდილი თანხა 9 მილიონი ლარით შემცირდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტში ამ მომსახურებიდან 155.4 მლნ ლარი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.5%-ით ნაკლებია. დარგის წარმომადგენლები და გადამზიდავები ამ მაჩვენებელს “საგანგაშო სიგნალად” მიიჩნევენ და სტაგნაციის საფრთხეზე საუბრობენ.
„საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე BMG-სთან განმარტავს, რომ 2022-2023 წლებში დაფიქსირებული მკვეთრი ზრდა არა მდგრადი განვითარების, არამედ რეგიონში მიმდინარე საომარი მოვლენების შედეგი იყო.
„2022-2023 წლებში გვქონდა მკვეთრი მატება და ეს იყო გარკვეულწილად პანიკური მატება. ეს იყო საომარი მოვლენების ეფექტი. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ თუ სათანადო მხარდაჭერა არ აღმოვუჩინეთ ამ სატვირთო ნაკადებს, დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გადამისამართდეს სხვა მიმართულებით და ჩვენ დავკარგოთ ტვირთების ეს მოცულობა,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე.
მისივე თქმით, გასულ წელს პირველი “ცუდი სიგნალი” იყო ის, როდესაც ზრდის ტემპი შეჩერდა:
„გავჩერდით რაღაც ძველ ნიშნულზე. ეს არის საგანგაშო სიგნალი, იმიტომ რომ თუ არა გაქვს ზრდა, სტაგნაციის შემდეგ მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება.“
ირაკლი ნემსაძე იმ ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოს დერეფნის კონკურენტუნარიანობას აქვეითებს. ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აზერბაიჯანის მიმართულებაზე არსებული დაყოვნებებია.
„დასავლეთიდან მომავალი ტვირთები უნდა გავიდეს აზერბაიჯანის სატრანზიტო გზით. აქ კი გვაქვს ეს მარადიული პრობლემა – საბორნე გადაზიდვების დროს ძალიან დიდი დაყოვნების პერიოდი. დაახლოებით 20-დან 25 დღემდე მხოლოდ ბაქოს საბაჟო ტერმინალებში ბორნის მოლოდინის პერიოდია, რაც ძალიან აყოვნებს გადაზიდვის სისწრაფეს და აძვირებს ფასს. ეს დაბრკოლება ორ კომპონენტში აუარესებს მდგომარეობას – ეს არის დრო და ტარიფები, რაც არაკონკურენტულ პირობებს სთავაზობს დამკვეთებს.“
მისივე ცნობით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ყაზახეთში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც ქართველ გადამზიდავებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ახალი წესით, სხვა ქვეყნიდან წამოსული ტვირთის გადატვირთვა მესამე ქვეყნის (მათ შორის ქართულ) ავტომანქანებზე აიკრძალა, რამაც ბაზრიდან უამრავი სატვირთო ავტომანქანა “ამოაგდო”.
“ყაზახეთში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ტვირთები, რომლებიც გადაიტვირთა სხვა ავტომანქანებში, ყაზახეთის ტერიტორიაზე არ შეიძლება გადაადგილდეს სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომანქანით, თუ არა ეს იქნება ან ყაზახური ავტომანქანა, ან პირველ საწყისი ქვეყნიდან წამოსული ავტომანქანა. ჩვენ გვქონდა ასეთი პროექტები და დაკვეთები, რომ მაგალითად, გერმანიიდან საქართველომდე შემოიტანდა თურქი გადამზიდავი ტვირთებს, ქართულ საბაჟო ტერმინალებში ეს ტვირთი განთავსდებოდა, საქართველოში გადაიტვირთებოდა ქართულ ავტომანქანაზე და ასე ხდებოდა ამის გადაზიდვა. ეს შეიზღუდა.
ამ საკითხზე ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო როგორც გადამზიდავებისთვის, ისე ტვირთმფლობელებისთვის. ძალიან დიდი რაოდენობის ავტომანქანა ამოვარდა, ასე ვთქვათ, ამ საკანონმდებლო ცვლილებით ამ პროცესიდან და შესაბამისად, ამანაც, წლის მეორე ნახევარში, გადაზიდვებზე იქონია ძალიან ნეგატიური გავლენა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნეგატიურ ფაქტორებში არის შემდგომი ფაქტორები: ეს არის ფასი, ტარიფები, ეს არის დაყოვნება დ პოლიტიკური, თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ყაზახეთის მხარემ განახორციელა და რომლებთან დაკავშირებითაც ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ პირვანდელ პირობებს დაუბრუინდეს” – ამბობს ირაკლი ნემსაძე.
ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხოლოდ 2 წელი აქვს “საშინაო დავალების” შესასრულებლად. ეს გულისხმობს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გამტარუნარიანობის გაზრდას, ტერმინალების განვითარებას და მესამე ქვეყნების ნებართვების (კვოტების) დეფიციტის აღმოფხვრას.
„პირველ რიგში სახელმწიფოს ვთხოვდით ინფრასტრუქტურულ ნაწილში დახმარებას – საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გამტარუნარიანობის ზრდას და ოპერაციების მაქსიმალურ გამარტივებას. ბიზნესს კი ვურჩევდი, რომ ცოტა გრძელვადიანი პერსპექტივით შეხედოს ამ მიმართულებას, არ ისარგებლოს პანიკური მომენტით და არ დააფრთხოს დამკვეთები მაღალი ტარიფებით. ჩვენ ამისათვის გვაქვს მაქსიმუმ ორი წელი. თუ ამ საშინაო დავალებას სწორად განვახორციელებთ, მაშინ რეგრესი არ გვემუქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში – ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ.“
დღეისათვის, საქართველოში 17 000-მდე სატვირთო ავტომანქანაა რეგისტრირებული, რომელთა მესამედი საერთაშორისო გადაზიდვებშია ჩართული. მათ მთავარ კონკურენტებად რეგიონში თურქეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი რჩებიან.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში საქართველოს დერეფანი 38 875-მა სატვირთომ გამოიყენა, რამაც ბიუჯეტს 13.6 მლნ ლარი მოუტანა. მთლიანობაში, 11 თვის განმავლობაში ქვეყნის გზებზე 444 071-მა სატვირთომ გაიარა.
bm.ge