ლაშა ფარულავა ლილუაშვილზე – რასაც ბრალად ვუყენებდით „ოცნებას“, თავად დაადასტურეს და ეს სრულიად საკმარისია, რომ რიგგარეშე დაინიშნოს – ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან გამოიკითხავენ, შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან

სრულიად საკმარისია [გრიგოლ ლილუაშვილისთვის წაყენებული ბრალი] იმისთვის, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო დაინიშნოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ლაშა ფარულავას თქმით, „ქართული ოცნება“ რეალურად, კორუფციას კი არ ებრძვის, არამედ „საქმე გვაქვს შიდა დაპირისპირებასთან“.
„რასაც ბრალად ვუყენებდით „ქართულ ოცნებას“, თავად დაადასტურეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ეს ამბავი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენი ფულით ჩვენი უსაფრთხოება რომ უნდა დაეცვა კაცს და სისტემას, ის დაკავებული იყო კორუფციით და ჩვენ ფულს იყენებდა ამისთვის. ჩვენ ხომ ფულს გვპარავდა და მათ შორის ინვესტორებს ფულს „ახევდა“, ასევე ბაღის ბავშვებს ულუფას ჰპარავდა. დადასტურდა, რომ ხალხის მძარცველია ეს ხელისუფლება და ჩვენ ვითხოვთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს კობახიძემ. თუ უნდა, რომ მისი ვირწმუნოთ, ან ჩატარდეს ახალი არჩევნები, ან ლილუაშვილს გვერდში მიუსვან . ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან დაიბარებენ და გამოიკითხავენ, მაშინ ჩვენ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან. მაგრამ, რეალურად, კორუფციას კი არ ებრძვიან, ეს არის შიდა დაპირისპირება. თუ კობახიძემდე მმართველობა კორუფციული იყო, მაშინ თავად უნდა გადადგეს, პარლამენტმაც უნდა გადაიყენოს თავის თავი, დაინიშნოს ახალი არჩევნები, გამოუშვან პოლიტპატიმრები და შევერკინოთ არჩევნებზე. აი, მერე ვნახოთ, ქართველი ხალხი ვის დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული რომეო მიქაუტაძე. პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო. მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.
მესამე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილი “ქოლ-ცენტრების” მცირე ნაწილს მფარველობდა, რასაც ის მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა პირთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ. მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს” იღებდა.
გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.