“ქართული ბიზნეს გარემოს შემზღუდავ ფაქტორებს შორის პოლიტიკურ არასტაბილურობას კომპანიების დიდი ნაწილი – 28% ასახელებს”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის 2023 წლის საწარმოთა კვლევაში.
პოლიტიკური არასტაბილურობა გამოკითხული 592 კომპანიის მიერ, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე საწარმოებისთვის, მოწინავე გამოწვევებს შორისაა.მსხვილი კომპანიების (100+ დასაქმებული) შემთხვევაში 39%, საშუალოს (20-99 თანამშრომელი) შემთხვევაში 26%, მცირე (5-19) საწარმოებიდან კი 29% ასახელებს პოლიტიკურ არასტაბილურობას ბიზნესგარემოს მნიშვნელოვან შემაფერხებლად.
ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ადგილს იკავებს. მას უსწრებს მხოლოდ მაკედონია, სადაც პოლიტიკურ არასტაბილურობას დაბრკოლებად საწარმოების 28,6% მიიჩნევს. ხუთეულში საქართველოს მოსდევს უკრაინა (25,4%), ყირგიზეთი (21,7%), ბოსნია და ჰერცეგოვინა(21,2%). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში მსოფლიო ბანკის კვლევა ბოლოს 2019 წელს ჩატარდა.
საქართველოში ყველა ზომის კომპანიისთვის ტოპ 3 გამოწვევას შორის მოხვდა არასათანადო კვალიფიკაციის სამუშაო ძალა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.
საქართველოში გამოკითხული კომპანიების პროცენტული წილი კვლევაში დასახელებული სხვა გამოწვევების მიხედვით ასე ნაწილდება:
· 22% – შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა;
· 17% – ფინანსებზე ხელმისაწვდომობა;
· 7% – ელექტროენერგია;
· 6% – საგადასახადო განაკვეთი;
· 5% – არაფორმალური სექტორი;
· 4% – დანაშაული, ქურდობა, არეულობა;
· 3% – კორუფცია;
· 2% – ბიზნესის ლიცენზირება და უფლების გაცემა;
· 2% – მიწის ნაკვეთზე წვდომა.
კვლევა საქართველოში 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერი. კვლევაში მოხვდნენ კომპანიები წარმოების, მშენებლობის, ავტომობილების გაყიდვა/შეკეთების, საბითუმო და საცალო, სასტუმრო და რესტორნების, ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებიდან.
გამოკითხვა არ ფარავს სოფლის მეურნეობის, ფინანსური შუამავლობის, კომუნალური მომსახურების, საჯარო მმართველობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სამუშაოების სფეროებს. გამოკითხვაში ასევე არ მოხვდა 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიები.