“დასავლური მედია მეარაყიშვილს იყენებდა” – ცხინვალის ახალი ბრალდება აქტივისტის წინააღმდეგ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების უწყებამ [КГБ] დაკავებული ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ ახალი ბრალდება დააზუსტა – “დაკავებული ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან აფელირებულ უცხოურ მედიასაშუალებებს ინფორმაცია გადასცემდა”.
თამარ მეარაყიშვილის ადგილსამყოფელის და დაკავების სხვა დეტალებზე ინფორმაცია ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია ამ ეტაპზე. ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკვე რვა წელია ფორმალურად ბრალდებების გარეშე ცხოვრობდა, თუმცა პრაქტიკულად კვლავ შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უფლება და პირადობის დოკუმენტის გარეშე ცხოვრობდა. ის ცხინვალში მცირე მაღაზიას ამუშავებდა, თუმცა, მაინც აგრძელებდა საჯარო აქტივობას – პრობლემებზე საუბარსა და ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას.
КГБ-ს განცხადებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ თამარ მეარაყიშვილს „მედიასაშუალებები იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების გასატარებლად“.
“ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმის ფარგლებში ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ეჭვმიტანილის შესაძლო თანამზრახველები და კავშირები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – წერს სააგენტო “რეს” КГБ-ზე
უწყების წინა განცხადების მიხედვით, გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ახორციელებდა ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას რესპუბლიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
მეარაყიშვილი წარსულშიც იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა გასვლა ოკუპირებული ტერიტორიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს