მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელებაა, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას, სადაც უპასუხა კითხვას ყოფილი იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობისა და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებ.
„მიწისზედა მეტროსთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა. ჩვენ დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, რომლებმაც კვლევა დადეს და პროექტი დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა. როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა“, — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერია წლებია, საუბრობს მიწისზედა მეტროს გაყვანაზე. კახა კალაძემ 2019 წლის ოქტომბერში გამართა ეკო-ტრანსპორტის ხედვის პრეზენტაცია, სადაც თქვა, რომ იგეგმება მიწისზედა მეტროს ხაზების გაყვანა. კალაძე ამბობდა, რომ 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა მშენებლობა და მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე სამგორის სადგურს აეროპორტთან და ლილოს ბაზრობასთან დააკავშირებდა.
მერიაში ამბობდნენ, რომ მიწისზედა მეტროს განვითარების მეორე ეტაპზე იგეგმება თბილისისა და რუსთავის მეტროს საშუალებით დაკავშირებაც.




