რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა საავადმყოფოს დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გაიგო. ხელისუფლებას ექიმებისთვის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ კლინიკის შენობას ანგრევენ. გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ექიმები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ სამსახურს არ დატოვებენ.
“დღეს გავიგეთ, არაფრის დიდებით არ დავთმობთ, ასე არ წავალთ. არც ერთი თანამშრომელი არ ეთანხმება ამ მდგომარეობას”… “რას ვეთანხმებით, ვრჩებით უმუშევრები, რა უნდა დავეთანხმოთ, ჯერ არაფერი არ მიგვიღია [შემოთავაზება]” აცხადებენ თანამშრომლები.
როგორც ირკვევა შენობის დანგრევის შესახებ არც რესპუბლიკურის ხელმძღვანელობა იყო საქმის კურსში და მთავრობის გადაწყვეტილებაზე მათაც ტელევიზიით გაიგეს.
მედპერსონალთან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც კომპენსაციების საკითხი განიხილეს, ცოტა ხნის წინ დასრულდა:
“მწვავე იყო ამის მოსმენა თანამშრომლების მხრიდან. ასევე სამინისტროს მხრიდან მოტანილ იქნა და განხილული იქნა ნაწილობრივ იმ კომპენსაციების პაკეტი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს. დაახლოებით 650 თანამშრომელია რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული . კომპენსაცია შეეხება როგორც კლინიკურ, ისე ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებსაც. საუბარია 4-დან 12 თვემდე კომპენსაციაზე… ჩემთვისაც სიახლე იყო. ” თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკურმა დირექტორმა, თეა თავართქილაძემ.
სამინისტროს წარმომადგენლის, ნინო კვერნაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს 4 ტიპის საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზეს, არჩევანის გასაკეთებლად კი მათ 90 დღე აქვთ.
“თანამშრომელი, რომელიც მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მხოლოდ, მისთვის არის განსხვავებული პაკეტი შეთავაზებული. ის თანამშრომელი რომელიც სხვაგანაც მუშაობს, მისთვის არის განსხვავებული და ეს შეთავაზება ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე ადმინისტრაციულს. იმ შემთხვევაში თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის რესპუბლიკურთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება მიეცემა 12 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია; თუ პირი მუშაობს სხვა სამსახურშიც, მას მიეცემა მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია; იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის 12- თვიან ანაზღაურებაზე, მას მიეცემა საშუალება, რომ აირჩიოს სხვა, ტოლფასი თანამდებობა” – ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.
შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვამ დღეს შრომის ინსპექციის კადრებიც გაავრცელა.
ინფორმაცია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ და მის ადგილას ახალს ააშენებენ, დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მიზეზი მთავრობის განცხადებით, შენობის ავარიულობაა. ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა იმ შეთავაზებებზე, რასაც სახელმწიფო რესპუბლიკურში დასაქმებულ თანამშრომლებს შესთავაზებს.
იხილეთ:
· ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება | რას სთავაზობენ ექიმებს?