პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს , – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ პრეზიდენტთან პოლონეთის როლის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას მხარს სრულად დაუჭერს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების დეკლარაციას შეუერთდა.
„პოლონეთი „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა, რომლის მიზანი უკრაინის მხარდასაჭერად დემოკრატიული სახელმწიფოების მობილიზებაა“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანამ სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შექმნას.
„ჩვენ ევროკავშირსა და ნატო-ში ერთად ვიქნებით. ჩვენ უკრაინას ერთად აღვადგენთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში დღეს ჩავიდა.