ევროკავშირი იღებს ახალ მექანიზმს ვიზალიბერალიზაციაზე და ახალი შეზღუდვები არის უფრო მძიმე, მაგრამ არავინ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, ახალი მექანიზმი არ არის მიმართული საზოგადოებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, პირიქით – ახალი მექანიზმი ევროკავშირს აძლევს საშუალებას, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ძალადობის გამო, კანონის უზენაესობის დარღვევის გამო მიიღოს შეზღუდვები, რომელიც ეხება მხოლოდ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ყველაფერზე , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, შეზღუდვა იმოქმედებს პირველ ეტაპზე, რომელიც ერთ წელს გაგრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ:“ ვითარება არ გააუმჯობესა, დაიწყება მეორე ეტაპი, რითაც შეზღუდვა, შესაძლოა, რიგით მოქალაქეებზეც გავრცელდეს.
მისივე განცხადებით, საჭიროა ინტენსიური მუშაობა პარტნიორებთან, რათა მეორე პერიოდში აღნიშნული სავიზო შეზღუდვები ისევ ოფიციალურ პირებს დარჩეთ და საზოგადოებას არ შეეხოს.
„მინდა გამოვეხმაურო ყველა იმ კომენტარს, რაც კეთდება ვიზალიბერალიზაციის საკითხსა ევროკავშირის გადაწყვეტილებებს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან მიდის მცდელობა, რომ დაადანაშაულოს ევროკავშირი, თითქოს ჩვენ გვზღუდავენ რაღაცაში, თითქოს შანტაჟს ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეებზე და ა.შ.
ეს მცდელობა დიდი ხანია გრძელდება. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რაზეც ის არის პასუხისმგებელი, ეს პასუხისმგებლობა გადაანაწილოს ან გადაიტანოს ევროკავშირზე იმისთვის, რომ პირნათელი იყოს თავისი მოსახლეობის წინაშე, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი მომავალი არის ევროკავშირი და მისი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს ვიზალიბერალიზაციაა.
ამიტომ, საჭიროა, ჩვენ დავუბრუნდეთ ფაქტებს. ფაქტი არის ის, რომ ჩვენ 2017 წელს, დიდი ძალისხმევის შემდეგ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და იმავდროულად ევროკავშირმა დააწესა და გაგვაცნო მექანიზმი, რომელიც თან ახლავს ამ ვიზალიბერალიზაციას და რომელიც მოითხოვდა საქართველოსგან, რომ შეესრულებინა მთელი რიგი რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებს ევროკავშირი ითხოვს ყველა იმ ქვეყნისგან, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გახდეს ევროკავშირის ინტეგრირებული წევრი, ვიზალიბერალიზაცია კი ერთ-ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით.
ამის შემდეგ იყო ვიზალიბერალიზაცია და არანაირი შეზღუდვა არ იყო დაწესებული, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მიგრაციის საკითხებსა და თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე ბევრი კითხვა ჰქონდათ და ბოლომდე არ ვასრულებდით იმ მოთხოვნებს, რაც დევს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, ჩვენი გზა და მსვლელობა ევროკავშირისკენ გაგრძელდა და მივედით 2023 წლის დეკემბრამდე, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ეს მივიღეთ არა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე შეასრულა იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ანტი-კორუფციულ ზომებს. არცერთი რეკომენდაცია არ იქნა შესრულებული, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა მარტში, როცა წინააღმდეგობა გაუწია იმ რუსულ კანონს, რომელზედაც ყველა ჩვენი პარტნიორის შეფასება სწორედ იყო ის, რომ ეს იყო პირდაპირ რუსული კანონი და გადმოტანილი იყო რუსეთიდან იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული ყოფილიყო და მასზე ახალი ზეწოლა განხორციელებულიყო.
იმის მიუხედავად, რომ ხალხისთვის და ხალხის გამო ევროკავშირმა საზოგადოებას მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ამის მერე და ძალიან სწრაფად „ქართულმა ოცნებამ“ ისევ მიიღო ეს რუსული კანონი, რომელიც იყო ერთგვარი პროვოკაცია ევროკავშირის მიმართ.
ამის შემდეგ, მთელი 2024 წელი რომელიც მოჰყვება ამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, „ქართული ოცნება“ არცერთ ზომას არ იღებს, რომელიც ესატყვისება ევროკავშირის ამა თუ იმ მოთხოვნას. პირიქით, ყველა გადაწყვეტილება, რაც მიღებულია, ყველა ახალი კანონი, რაც მიღებულია, ეწინააღმდეგება უშუალოდ იმ ყველა რეკომენდაციას, რაც არის ჩამოწერილი ევროკავშირის მხრიდან და ამის შედეგად, ჩვენ ვიღებთ 2024 წლის ბოლოს კიდევ ერთ გაფრთხილებას, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება იქონიოს შედეგი და გავლენა ვიზალიბერალიზაციაზე.
ამის მიუხედავად, მთელი 2025 წლის მანძილზე „ქართული ოცნების“ მხრიდან გრძელდება არათუ უგულებელყოფა ყველა იმ ზომის, რაც არის მისაღები, ყველა რეკომენდაციის, რაც ეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ანტი-კორუფციულს და ა.შ.
დღე არ გადის, რომ არ ლანძღონ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი ან რომელიმე ევროპელი ლიდერი და ეს არის, რაც ახასიათებს მთელ 2025 წელს. ამ დროს ევროკავშირი იღებს ახალ მექანიზმს ვიზალიბერალიზაციაზე და აქ ვართ დღეს, რომ ახალი შეზღუდვები, რაც შემოტანილია დეკემბერში, არის უფრო მძიმე, მაგრამ არავინ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, ახალი მექანიზმი არ არის მიმართული საზოგადოებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, პირიქით – ახალი მექანიზმი ევროკავშირს აძლევს საშუალებას, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ძალადობის გამო, კანონის უზენაესობის დარღვევის გამო მიიღო9ს შეზღუდვები, რომელიც ეხება მხოლოდ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ყველაფერზე ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის „ქართული ოცნება“. ეს შეზღუდვა, ყოველ შემთხვევაში, პირველ პერიოდში, არ ეხება საზოგადოებასა და მოქალაქეებს, ერთი წელი ეს ზომები მოქალაქეებზე არ გავრცელდება და გავრცელდება მხოლოდ ოფიციალურ პირებზე.
თუ კი „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი არ შეასრულა ამ პერიოდში და ალბათ ეს არის ის, რასაც უნდა ველოდოთ, თუ არაფერი მოხდა ამ ერთი წლის მანძილზე, შემდეგ იწყება მეორე პერიოდი, რომელიც 24 თვემდეა გაზრდილი, სადაც შეზღუდვა შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, ან შესაძლოა, იმავე ფორმით გაგრძელდეს, ანუ შეეხოთ იმავე ოფიციალურ პირებს და არა მოქალაქეებს. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება თავად ევროკავშირზე.
ყველამ, ვინც დღეს ვმუშაობთ უცხოელ პარტნიორებთან, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ იმ კუთხით, რაც არის მათი დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ეს შეზღუდვები არ შეეხოს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ დაიტოვონ და შეინარჩუნონ ევროკავშირის გზის შანსი და ეს შეზღუდვები უნდა ეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი ყველა იმ კანონზე, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




