2023 წელს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დაცვის მიმართულებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული ვითარება შეამოწმა. შედეგად, გამოვლინდა ნორმებთან შეუსაბამობის 62 შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან” დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად, გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის.
პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი იქნება მრავალპროფილური კლინიკის სერვისები, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მთავარი სამედიცინო მიმართულება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.
ხაზგასასმელია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. ნაწილისთვის კი შესაბამისი ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რომელიც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის დასკვნაში, კორპუსის შემინული გარე ფასადი შეფასებულია, როგორც მწვავე ავარიული. „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება, შეფასებულ იქნას, როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“, – აღნიშნულია დასკვნაში.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მოეწყობა ახალი სამედიცინო დაწესებულება. პროექტის დასრულების შემდგომ, სახელმწიფო მიიღებს დედაქალაქში მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც იქნება კლინიკური სერვისების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგიონული ჰაბი და სამედიცინო ტურიზმისთვის მიზიდულობის ცენტრი”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.