სადღესასწაულო პერიოდში, ევროპის აეროპორტების მგზავრები შესაძლოა დაგვიანების ან რეისების გაუქმების წინაშე აღმოჩნდნენ. მიზეზი – მიზეზი აეროპორტისა და ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვებია, რომლებიც ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
გიყვებით, სად და როდის არის შესაძლებელი შეფერხებები.
იტალიაში აეროპორტის სახმელეთო პერსონალის ოთხსაათიანი საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილი 9 იანვარს. გაფიცვა CUB Transporti-ს პროფკავშირმა გამოაცხადა. იმავე დღეს, Swissport Italia-ს თანამშრომლები მილანის ლინატეს აეროპორტში 24-საათიან გაფიცვას გეგმავენ. იანვრის ბოლოს ვერონას აეროპორტში შეფერხებებია მოსალოდნელი: ENAV-ის საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლები 31 იანვარს საპროტესტო აქციას გამართავენ.
დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ლუტონის აეროპორტის easyJet-ის მიწისზედა პერსონალი 19-დან 22 დეკემბრამდე და 26-დან 29 დეკემბრამდე ატარებს გაფიცვას. მგზავრები უნდა ელოდონ დაგვიანებებს რეგისტრაციისა და ბარგის დამუშავებისას.
კიდევ ერთ ჰაბში, ჰითროუს აეროპორტში, გაფიცვები 22-დან 24 დეკემბრამდე და კვლავ 26 დეკემბერს გაიმართება. Scandinavian Airlines Services-ის (SAS) ბორტგამცილებლები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კოპენჰაგენის, სტოკჰოლმისა და ოსლოს მიმართულებით რეისებზე.
ესპანეთში Ryanair-ის სახმელეთო მომსახურების პარტნიორის, Azul Handling-ის თანამშრომლების საპროტესტო აქციები გრძელდება. 31 დეკემბრამდე გაფიცვები ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, დილით, შუადღეს და საღამოს გაიმართება.
შეფერხებები და რიგები შესაძლებელია ალიკანტეს, ბარსელონას, მადრიდის, მალაგას, პალმა დე მაიორკას, სევილიის, ვალენსიის, ასევე იბიცას, ტენერიფეს (სამხრეთი) და ლანსაროტეს აეროპორტებში.
მგზავრებს ურჩევენ, რეგულარულად შეამოწმონ ფრენებისა და მატარებლების სტატუსი. გაუქმების ან მნიშვნელოვანი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს შეუძლიათ მოითხოვონ ალტერნატიული ბილეთი ან კომპენსაცია ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად.




