ინდოეთის პრემიერმა დანგრეული მეჩეთის ადგილზე აგებული ინდუისტური ტაძარი გახსნა

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ქალაქ აიოდჰიაში ინდუიზმის ღვთაება რამას სახელზე აშენებული ტაძრის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო.
ტაძრის ადგილმდებარეობა საკამათო საკითხია, ვინაიდან მის ადგილზე მე-16 საუკუნის ბაბრის მეჩეთი მდებარეობდა, რომელიც 1992 წელს ინდუისტებმა დაანგრიეს. მომხდარს ქვეყანაში არეულობები მოჰყვა, რასაც თითქმის 2 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ტაძრის გახსნის ცერემონიას ათასობით მიწვეული სტუმარი, მათ შორის კრიკეტის მოთამაშეები და ცნობილი მსახიობები დაესწრნენ, თუმცა, ქვეყნის ოპოზიციამ და ზოგიერთმა ინდუისტმა ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციის თქმით, ინდოეთის პრემიერმინისტრი ტაძრის გახსნას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რადგან რამდენიმე თვეში ინდოეთში საყოველთაო ა დანიშნული. ხოლო ზოგიერთ ინდუისტს მიაჩნია, რომ ვინაიდან ტაძრის მშენებლობა ჯერ დამთავრებული არ არის, მისი გახსნა ან იქ რიტუალების ჩატარება მიუღებელია.
ამას გარდა, იმ ქვეყანაში, რომელიც კონსტიტუციურად სეკულარულია, მოდის მთავრობას რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით გადამეტებული ქმედებებისა და ყურადღების გამო აკრიტიკებენ.
აღნიშნული ტაძარი ინდუისტი ნაციონალისტების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად აშენდა. მათ პირობა ჰქონდათ დადებული, რომ ღვთაება რამას ქალაქ აიოდჰიაში ტაძარს აუშენებდნენ, რისთვისაც ახლა ქალაქი მნიშვნელოვანი გარდაქმნის პროცესს გადის, რათა მან მომლოცველები და ტურისტები მიიზიდოს. ამისთვის, ინდოეთის მთავრობამ აიოდჰიისთვის $3.85 მილიარდი გამოყო. თავად ტაძრის მშენებლობის ღირებულება $217 მილიონს შეადგენს და ტაძრის ნდობის ფონდის თქმით, დაფინანსების წყარო პირადი შემოწირულებებია.
ინდუისტების რწმენით, ქალაქი აიოდჰია ღვთაება რამას დაბადების ადგილია, ხოლო ბაბრის მეჩეთი “მუსლიმების შემოჭრის” შემდეგ, რამას დაბადების ადგილზე, აშენდა. სწორედ აღნიშნული საკითხი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ნარენდრა მოდის “ინდოეთის სახალხო პარტიამ” 1990-იან წლებში პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვა.
“დღეს ჩვენი ღვთაება რამა მოვიდა. საუკუნეების ლოდინის შემდეგ, ჩვენი რამა მოვიდა. საუკუნოვანი უპრეცედენტო მოთმინების, უთვალავი მსხვერპლის გაღების, უარის თქმისა და სასჯელის შემდეგ, ჩვენი ღვთაება მოვიდა”. – თქვა მოდიმ სიტყვით გამოსვლაში.
მეჩეთის დანგრევის შემდეგ მიწის საკუთრებაზე სასამართლო დავა დაიწყო, რაზეც 2019 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სადავო მიწა ინდუისტებს დარჩებოდა, ხოლო მუსლიმებს ქალაქგარეთ მეჩეთის ასაშენებლად სხვა მიწა გადასცეს.