ვკარგავთ ევროპის ბაზარს და ვაძლიერებთ ჩვენს დამოკიდებულებას ს ბაზარზე – აკაკი ცომაია (bm.ge)

მიმდინარე ეკონომიკური სარგებელი, რომელიც საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული, დროებითია – ამის შესახებ BMG-სთან ეკონომისტი აკაკი ცომაია საუბრობს.
მისი თქმით, ავტომობილების რეექსპორტის უსასრულო ზრდა აუცილებლად დასრულდება, ისევე, როგორც მიგრანტების ნაკადით გამოწვეული უძრავი ქონების ბაზრის ბუმი.
“დროებითი საგარეო ფაქტორებით ვსარგებლობთ, მაგრამ ამას აქვს მოკლევადიანი სარგებელი. ეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დასრულდება. ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლები ასე უსასრულოდ ვერ გაიზრდება. ისევე, როგორც, თავის დროზე ამოიწურა მიგრანტების ეფექტი ეკონომიკაზე – როდესაც უძრავი ქონების შესყიდვა დაიწყეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოთხოვნა გაზარდეს – ეს პერიოდი დასრულდა. ეკონომიკა იზრდებოდა 10-11%-ით, მაგრამ უკვე ვეღარ იზრდება ასეთივე რიცხვებით.
ავტომობილების ექსპორტის ზრდა ჯერჯერობით, ნარჩუნდება, მაგრამ თანდათანობით, ისიც გადავა მილევად რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა უკვე უბრუნდება თავის პოტენციურ, ბუნებრივ გზას. საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რაც უფრო ვდისტანცირდებით ევროკავშირისაგან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან და რაც უფრო მეტად მივებმებით რუსულ ბაზარს, მით უფრო მეტად დავინახავთ, რომ ჩვენი ბუნებრივი ზრდა და ეკონომიკის გრძელვადიანი ტრენდი თანდათანობით დაიწყებს შემცირებას” – ამბობს აკაკი ცომაია.
მისივე თქმით, საქართველო თანდათან კარგავს პოზიციებს ევროპულ ბაზარზე და სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე.
“ბოლო პერიოდში, თანდათანობით ვკარგავთ ევროპის ბაზარს და ვაძლიერებთ ჩვენს დამოკიდებულებას ს ბაზარზე. ეს გვაბრუნებს სადღაც 90-იანი წლების პერიოდში და 21-ე საუკუნის დასაწყისში, როცა ვიყავით რუსეთის ბაზარზე მკვეთრად დამოკიდებული. მათ შორის, ჩვენი დამოკიდებულება იზრდება ენერგორესურსებზეც. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იქნება 2027 წელს, როდესაც ამოიწურება ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მოწოდებაზე საქართველოში. კიდევ უფრო რთული მდგომარეობა შეიძლება მივიღოთ და კიდევ უფრო მეტი დამოკიდებულება რუსეთზე.
რუსეთისთვის ეს ყოველთვის წარმოადგენს პოლიტიკურ იარაღს – როცა დადგება ის მომენტი, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება მოგვიწევს რუსეთისაგან, მივიღებთ 2006 წლის მდგომარეობას, როდესაც მნიშვნელოვნად ვიყავით დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე. ამდენად, საკმაოდ რთული და სახიფათოა მხოლოდ რუსეთზე ფოკუსირება. მით უფრო, რომ რუსეთის ეკონომიკას წინ კარგი არაფერი ელოდება. არის მოლოდინი, რომ მისი ეკონომიკა თანდათანობით შევა კრიზისში და ცხადია, რომ მომავალში ჩვენს საექსპორტო მონაცემებზეც იმოქმედებს” – ამბობს აკაკი ცომაია.
2025 წლის 11 თვეში საქართველოს ექსპორტი წლიურად 10%-ით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სექტორმა, რომელიც წელს 18%-ით, 2.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, მათ შორის კვლავ პირველ ადგილზეა 1.4 მილიარდი დოლარით (ზრდა 20%), რაც თითქმის სრულად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. 850 მილიონი დოლარით მეორე ადგილზეა ყაზახეთი (ზრდა 7%), სადაც საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ასევე მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია, მესამე მთავარი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთის ფედერაციაა 673 მილიონი დოლარით (ზრდა 6%).
საქართველოს ტოპ-10 საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი ბულგარეთია, სადაც წელს 233 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე (ზრდა 118%). მთლიანად ევროკავშირის წილი ექსპორტში 25.5%-ია, ანუ 1.7 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი.
bm.ge