არასრულწლოვანთა კანონში რჩება პრინციპული გამოწვევები — სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტის მიერ 17 დეკემბერს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ კანონპროექტის ინიციირების დღიდან, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში და სხვადასხვა ეტაპზე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები.
„სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი“, — აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
„სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი.
კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართდება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში. ცენტრში არასრულწლოვანის გადამისამართების უფლება ექნება პროკურორს, მიიღებს შემაჯამებელ დასკვნას იმის შესახებ, რომ 14 წლამდე მოზარდმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ცენტრში ინდივიდუალური პროგრამების გავლის შემდეგ, თუ ამის საჭიროება კვლავ იქნება, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და მოსამართლის თანხმობით მათ გადაამისამართებს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში.