იაპონელმა მეცნიერებმა ბაყაყების ნაწლავებში კიბოს საწინააღმდეგო ბაქტერიები აღმოაჩინეს

იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე ინსტიტუტის (JAIST) მეცნიერებმა იაპონური ხის ბაყაყების ნაწლავებში მცხოვრებ ბაქტერიებში სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალ Gut Microbes-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მკვლევრები ამფიბიებითა და ქვეწარმავლებით დაინტერესდნენ, რადგან მათ იშვიათად უვითარდებათ კიბო, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობენ გარემოში, სადაც პათოგენებისა და კანცეროგენების მაღალი დონეა. ამიტომ, მეცნიერებმა დაფიქრდნენ, შეიძლება თუ არა ეს მათ მიკრობიომასთან იყოს დაკავშირებული.
პროფესორ ეიჯირო მიაკოს ხელმძღვანელობით ჯგუფმა შეისწავლა ბაყაყების, ცეცხლის ტრიტონებისა და ხვლიკების ნაწლავებიდან აღებული 45 ბაქტერია. მათგან ცხრამ აჩვენა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი. ყველაზე ძლიერი იყო Ewingella Americana, რომელიც ხის ბაყაყებში გვხვდება.
ამ ბაქტერიის თაგვებში ერთჯერადი ინტრავენური ინიექციის შედეგად, ყველა საცდელ მღრღნელში სიმსივნეები გაქრა. შემდგომში ახალი კიბოს უჯრედები აღარ გამოჩენილა.
Ewingella americana გროვდება სიმსივნეების დაბალჟანგბადიან გარემოში ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების გარეშე. ამავდროულად, ბაქტერია იწვევს იმუნურ პასუხს. ის მთლიანად გამოიყოფა სისხლიდან 24 საათის განმავლობაში და მგრძნობიარეა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი ნეიტრალიზება შესაძლებელია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ონკოლოგიის სამკურნალოდ მზა მეთოდი. ადამიანებისა და თაგვების იმუნური პასუხები განსხვავებულია, ამიტომ საჭიროა ახალი კვლევები. მიაკოს გუნდი გეგმავს ბაქტერიების ეფექტურობის შესწავლას სხვადასხვა სახის კიბოს წინააღმდეგ და ოპტიმალური დოზების განსაზღვრას.