არასამთავრობოები ქიმიური აგენტის შესაძლო გამოყენებაზე საერთაშორისო მისიის გამოგზავნას ითხოვენ

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და მასების კონტროლის ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს, რომლის დროსაც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებული ან არაიდენტიფიცირებული ტოქსიკური და ექსპერიმენტული ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები გამოიწვია.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ დროებითი და სწრაფი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები — სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც. ეს მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სუს-ის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა „დასკვნამ” პასუხების ნაცვლად შეკითხვები და ეჭვები გააჩინა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი.
„სუს-მა დაადასტურა, რომ -ს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს. შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, გამოიყენა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება -მ 6 სხვა შემთხვევაში? გამოძიებამ, ასევე, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა“, — მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. პარალელურად, მიმართეს გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სიმართლის დადგენას, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად.
„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალი ძალადობის პრევენცია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა საქართველოში. ქიმიური მოწამვლით დაზარალებულებს აქვთ უფლება, იცოდნენ სრული ინფორმაცია გამოყენებული ქიმიური ნაერთების შესახებ, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობის მიღება. მივესალმებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხზე მომხსენებლების და მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივას, რომლითაც მათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს, შეისწავლოს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“, — განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
· საფარი
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
· წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ქართული ცენტრი (GCRT)
· დემოკრატიის მცველები
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
· სოციალური სამართლიანობის ცენტრი
· საქართველოს მომავლის აკადემია
· სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
· საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
სუს-მა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები, რომელთა კვლევაც BBC-ის გამოძიებაში ფიგურირებს.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW), გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისს მიმართა, ყურადღება მიაქციონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში.