BBC-ს ჟურნალისტი სტივ როზენბერგი წერს, რომ 19 დეკემბერს მოსკოვში, ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაზე, რუსეთის “პირველმა არხმა” ინტერვიუ ჩაწერა მის “ორეულთან”, რომელიც რუსი რეპორტიორის მტკიცებით, “სტივენ როზენბერგი” იყო.
“არ ვიცოდი, რომ ორეული მყავდა… რუსულ ტელევიზიაში აშკარად ჰგონიათ, რომ მყავს. ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენციაზე რეპორტიორმა პირდაპირ ეთერში ინტერვიუ ჩაწერა ‘სტივ როზენბერგთან' (თუმცა, ეს მე არ ვიყავი)” – წერს როზენბერგი X-ზე და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს:
ამავე პრესკონფერენციაზე თავად როზენბერგმა პუტინს ჰკითხა, თუ რა მომავალს აშენებს იგი თავისი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის: “ამ მომავალში იქნება ოფიციალურ კანონთან საჯარო უთანხმოება კანონით დასჯილი, როგორც ახლაა? როგორც საგარეო, ისე შიდა მტრების ძებნა გაძლიერდება? და ამ მომავალში ქვეყანაში უფრო და უფრო მეტად გამოირთვება მობილური ინტერნეტი? იქნება ახალი “სპეციალური სამხედრო ოპერაციები”? თუ რუსეთი სხვა გზით წავა? მახსოვს, თქვენ ერთხელ თქვით, რომ “ჩვენი მომავალი ჩვენს ხელებშია,” მაგრამ პრაქტიკულად რუსეთში მთელი ძალაუფლება თქვენს ხელშია, და მაშასადამე, მეტწილად მომავალიც. ასე რომ, როგორი იქნება? რა არის წინ? მეტი ის, რასაც ახლა ვხედავთ?” – იკითხა როზენბერგმა.
მოგვიანებით როზენბერგმა “რუსეთის დრაკონული უცხოეთის აგენტების კანონის” შესახებ X-ზეც დაწერა და განმარტა, რომ ეს კანონი, რომელიც “ხელისუფლების მრავალი კრიტიკოსის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალი ასპექტიდან რიყავს.”
“სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას “უცხოელი აგენტის” მოვალეობების “თავიდან არიდების” შემთხვევაში.” – წერს როზენბერგი.




