“იქნებ დაასახელოს ვინ იყო შესული?” | ბრეგაძე უკრაინელ პატიმარზე, რომლის თქმითაც, პუტინის არმიაში მსახურობის სანაცვლოდ, გათავისუფლებას დაპირდნენ

რაზე უნდა დავიწყოთ გამოძიება?…თქვენ შეიძლება რომანტიული წარმოდგენებიც გქონდეთ ციხეზე, მაგრამ ასე არ არის – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე “მთავარი არხის” ჟურნალისტს უკრაინელი პატიმრის წერილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ინფრმაცია ტყუილია და ვერც გამოძიების საჭიროებას ხედავს:
“იქნებ დაასახელოს ვინ იყო შესული? პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის ტყუილი. საკმაოდ ხშირია ესეთი ტყუილები, სხვათა შორის, იმ ადამიანს, დაინტერესდებოდით ხო რა დანაშაულისთვის არის და უნდა რომ გავიდეს ციხიდან და ალბათ მზად არის რომ ათასგვარი სიბინძურეც მოიგონოს მათ შორის. ნებისმიერ მსგავსი ტიპის მავნებლურ განცხადებას სჭირდება მტკიცებულებები. რაზე უნდა დავიწყოთ გამოძიება?…თქვენ შეიძლება რომანტიული წარმოდგენებიც გქონდეთ ციხეზე, მაგრამ ასე არ არის და ათასგვარი ჭორი და ტყუილი ვრცელდება ხოლმე, რაზეც რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შესაბამისი რეაგირება” თქვა ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.
უკრაინელმა პატიმარმა “მთავარ არხს წერილი ქუთაისის ციხიდან გამოუგზავნა. რეპორტაჟი ამ თემაზე “შაბათის მთავარის” ეთერში გავიდა. პატიმარი წერდა, რომ პუტინის არმიაში მსახურობის სანაცვლოდ, მას გათავისუფლებას პირდებოდნენ, თუმცა არ დაუსახელებია ვინ შევიდა ციხეში მის გადასაბირებლად.
ამის შემდეგ, “მთავარ არხს” დაუკავშირდა შუამავალი, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაციას, რომ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, უკრაინელ პატიმარზე ზეწოლა განხორციელდა.