ბოლო წლებში, ესტონეთის მთავრობა ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში, მათ შორის ნარვაში, სოციალური დაძაბულობის შესამცირებლად და ადგილობრივ მოსახლეობაში ნდობის გასამყარებლად, სხვადასხვა მიდგომას იყენებს. თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი პოლიტიკოსისა და ექსპერტის აზრით, სასურველი ეფექტი ჯერჯერობით ვერც შეზღუდვებმა და ვერც ფინანსურმა ინექციებმა ვერ მოიტანა.
სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება ნარვაში განსაკუთრებით შესამჩნევი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, მინისტრები რეგულარულად სტუმრობენ ქალაქს, იქ ტარდება მთავრობის სხდომები და მუდმივად კეთდება აქცენტი ეროვნული უსაფრთხოების კუთხით რეგიონის მნიშვნელობაზე.
ამავდროულად, გააქტიურდა ბრძოლა ნარვას ურბანულ სივრცეში არსებული საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ, რაც 2022 წელს საბჭოთა ტანკის, T-34-ის და მემორიალური დაფების დემონტაჟით დაგვირგვინდა. „ამან ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია“, – აღინიშნა ETV+-ის გადაცემა „Narva Studio: Narodu Vazhno“-ში.
გატარდა არაერთი შემზღუდავი ღონისძიება. კერძოდ, ღამის საათებში დაიკეტა საზღვარი და რუსეთის მოქალაქეებს ჩამოერთვათ ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. კრიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯები სულაც არ უწყობს ხელს ესტონეთის სახელმწიფოს მიმართ ლოიალობის განცდის ზრდას.
პარალელურად, რეგიონს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებიც გამოეყო. იდა-ვირუს ოლქმა თანხები მიიღო ევროკავშირის „სამართლიანი გადასვლის ფონდიდან“ (Just Transition Fund), რომელიც, ნავთობის ფიქლისგან მიღებულ ენერგიაზე უარის თქმის შემთხვევაში, ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის მიზნით გაიცემა. ახლახან ასევე დამტკიცდა სახელმწიფო დაფინანსება ნარვის ახალი საავადმყოფოს ასაშენებლად.
თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი დეპუტატი და ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ რეგიონის მცხოვრებლები ყოველთვის ვერ გრძნობენ იმ გავლენას, რომელსაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს ინვესტიციები ახდენს.
რიიგიკოგუს (პარლამენტის) წევრი, ალექსეი ევგრაფოვი, რომელიც თავად იდა-ვირუდანაა და ნარვას საკრებულოს „ცენტრისტული პარტიის“ ფრაქციის წევრია, მიიჩნევს, რომ „მწვანე გადასვლის პროცესი“ რეგიონისთვის მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდა.
„ჩვენ მთელი ინდუსტრია მოვკალით, ხალხი სამუშაოს გარეშე დავტოვეთ და ოჯახები დავანგრიეთ. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ „მწვანე გადასვლა“ იდა-ვირუს ოლქის განადგურების კამპანია იყო“, – ამბობს ევგრაფოვი.
გამოცდილი ნარველი ჟურნალისტი, ალექსეი ივანოვი ყურადღებას იმ მონაცემების გამჭვირვალეობის ნაკლებობაზე ამახვილებს, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების შედეგებს შეეხება.
„ზუსტად არავინ იცის, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა იდა-ვირუში „სამართლიანი გადასვლის ფონდის“ წყალობით. მათ, უბრალოდ, ფული დახარჯეს და ამის შესახებ ანგარიში წარადგინეს“, – განაცხადა მან. ივანოვის თქმით, იდა-ვირუს მცხოვრებლებისგან ხშირად ისე ითხოვენ ლოიალობას, რომ სანაცვლოდ კონკრეტულ წინადადებებს ვერ სთავაზობენ.
„გვეუბნებიან: ჯერ ლოიალობა და თანაბარი უფლებები მის მერე იქნება შესაძლებელი. თუმცა, პირიქით უნდა იყოს – ჯერ კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებებია საჭირო“, – ამბობს ჟურნალისტი.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა მხოლოდ შეზღუდვებით ან ინვესტიციებით ვერ აშენდება. ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია, რომელიც თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს, ადგილობრივი მცხოვრებლების აზრის რეალურ გათვალისწინებას და ნამდვილ დიალოგს საჭიროებს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




