საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე კი ახალი საავადმყოფო აშენდება.
“პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით”. – თქვა ღარიბაშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს დღეს შეხვდებიან და მათ დასაქმების შესახებ სხვადასხვა შეთავაზებებსა და სპეციალურ ანაზღაურების პაკეტებს გააცნობენ.
“მათ დღეს უკვე ჩვენი სამინისტროდან თანამშრომლები გააცნობენ კონკრეტულ შეთავაზებებს. აქ არის სხვადასხვა შეთავაზება, რომელიც მოიაზრებს ერთიანად 12 თვის კომპენსაციის გადახდას სურვილის შემთხვევაში, ან დასაქმებას მინიმუმ იგივე პოზიციაზე სხვა კლინიკაში და აქაც 4-თვიანი კომპენსაციის გადახდას, ან თუ სურვილი არ ექნება თანამშრომელს და უნდა, რომ დაელოდოს უკეთეს შეთავაზებას, ჩვენ ბოლო სამი თვის საშუალოს შემოსავლის მიხედვით მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სანამ თანამშრომელი არ დაიწყებს სადმე მუშაობას, გავაგრძელებთ კომპენსაციის გადახდას. ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზებული პირობები არის საკმაოდ ღირსეული, უპრეცედენტო და ამ ისტორიული პროექტის განხორციელებაში მათაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ”. – ამბობს აზარაშვილი.
აზარაშვილისვე თქმით, პროექტის ბიუჯეტი, შენობის აშენების, რემონტისა და აღჭურვის ჩათვლით, დაახლოებით 200 მილიონი ლარია.