21-31 დეკემბრის პერიოდში აქციების „კანონიერად“ გამართვის პირობებს საზღვრავს

შსს 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე აქციების გამართვის დეტალურ პირობებს კარნახობს დემონსტრანტებს.
ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ უწყების ვებგვერდზე იძებნება, შეკრება-მანიფესტაციების განყოფილებაში და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ ნახავთ ვერც უწყების მთავარ გვერდზე, სიახლეებში ან უწყების გვერდებზე სოციალურ ქსელებში.
-ს მითითებით შეკრება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, დაშვებულია მსვლელობის გარეშე.
განსაზღვრულია შეკრების დაწყებისა და დასასრულის დროც: დაწყების დრო 19:00 საათი, დასრულების დრო — 24:00 საათი.
მკაცრად განსაზღვრულია აქციის ჩატარების ტერიტორია და სხვა დირექტივები:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება: 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.“
შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირად კახა წიქარიშვილია მითითებული. მოქალაქე, პროტესტის მონაწილე, რომელმაც მანამდეც არაერთი განცხადებით მიმართა უწყებას, გასულ დღეებში გასამართ აქციებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.
„ეს კანონი, რაც მიიღო „ოცნებამ“ [მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები პროტესტის ჩასახშობად — გამკაცრებული წესის მიხედვით, იმისათვის, რომ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სავალ ადგილას გაიმართოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილებაა საჭირო], არის არაკონსტიტუციური. მაგრამ დავიცავი ეს კანონი, შევიტანე განცხადება, რომ 7 საათიდან 12 საათამდე, პარლამენტის წინ ჩატარდება შეკრება-მანიფესტაცია, რასაც შედეგად მოჰყვება ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივი გადაკეტვა. კანონში რაც არის სავალდებულო რეკვიზიტები, ყველაფერი მიწერია. პოლიცია უფლებამოსილია, რომ სავალდებულო მითითებები მოეცა ჩემთვის და ეთქვა, რომ მაგალითად, აქცია ჩაატაროთ არა აქ, არამედ იქ და ა.შ. მაგრამ არანაირი მითითება არ მიმიღია“, — ამბობდა კახა წიქარიშვილი ფორმულასთან რუსთაველის აქციიდან 17 დეკემბერს.
კახა წიქარიშვილის თქმით, მას 9 იანვრის ჩათვლით ყველა დღეს გასამართ აქციაზე აქვს გაფრთხილება შეტანილი შსს-ში.
21-31 დეკემბრის აქციების თაობაზე გაფრთხილების შეტანის თარიღად შსს-ს 2025 წლის 17 დეკემბერი აქვს მითითებული.