28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 1 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვანები ა. გ. და გ. რ., ა.გ.-ს მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე, ა. გ. მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გ. რ. ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ, მომხდარი დანაშაულის თაობაზე სამართალდამცველებს არ შეატყობინეს“, — წერია უწყების განცხადებაში.
ბრალდებულები დღეს, 20 დეკემბერს დააკავეს. მუხლი, რომლითაც მათ ბრალი უნდა წარედგინოთ, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა), 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განცხადებიდანვე ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს განაჩენის გამოტანამდე.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე აქამდე ორი პირი უკვე იყო დაკავებული. 16 და 17 წლის არასრულწლოვანები. სწორედ განცხადებაში ნახსენები ა. გ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით და გ. რ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება კვლავ გრძელდება.




