WSJ: ევროკავშირის ახალი გეგმით, კიევისთვის ათეულობით მლრდ ევროს დახმარება იქნება შესაძლებელი

ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მუშაობას დაიწყებს ახალ გეგმაზე უკრაინისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების აღმოსაჩენად მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გასული წლის ბოლოს დაბლოკა კიევის დასახმარებლად განკუთვნილი 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტი.
Wall Street Journal-ის თანახმად, ეს გეგმა ითვალისწინებს 20 მილიარდი ევროს გამოყოფას შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. ეს უნდა მოხდეს ახალი ფონდის მეშვეობით, რომელიც წელიწადში 5 მილიარდი ევროთი შეივსება 2024-2027 წლებში.
ვარაუდობენ, რომ ეს 20 მილიარდი ევრო კომპენსაციის სახით დაუბრუნდებათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ათეულობით მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რასაც ისინი უკრაინას გაუწევენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
WSJ აღნიშნავს, რომ ომის დასაწყისში ევროკავშირმა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მისაწოდებლად ფულის ხარჯვა დაიწყო ევროპის მშვიდობის ფონდიდან. 5,5 მილიარდი ევრო დაუბრუნდათ წევრ ქვეყნებს, რომლებიც კიევს ძირითადად საკუთარი მარაგებიდან აწვდიდნენ იარაღის, საბრძოლო მასალას, ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს. მაგრამ შემდეგ უნგრეთმა დაბლოკა ამ ფონდიდან თანხების გადახდა.
როგორც მიიჩნევენ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ საკუთარი მარაგები იმ დონემდე ამოწურა, რომ აღარ შეუძლიათ უკრაინისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების აღმოჩენა, წერს Wall Street Journal-ი. ამ სირთულეების გათვალისწინებით ვარაუდობენ, უკრაინისთვის შეიქმნას ახალი სპეციალური სამხედრო ფონდი, რომელიც შთანთქავს მშვიდობის ფონდში დარჩენილი აქტივების ნაწილს და უახლოესი ოთხი წლის მანძილზე ყოველ წელს 5 მილიარდი ევროთი შეივსება.
ფონდის მთავარი დანიშნულებაა, ეს ფული გამოყენებულ იქნეს იმ ქვეყნებისთვის კომპენსაციის გადასახდელად, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალას, დრონებსა და რაკეტებს მიაწვდიან. დანარჩენი თანხა გამოყენებულ იქნება სამხედრო მომზადების მზარდი ხარჯებისთვის.
ახალი ფონდი ევროკავშირის წევრ მცირე სახელმწიფოებს საშუალებას მისცემდა, რესურსები გაეერთიანებინათ ერთობლივი შესყიდვებისთვის, რათა მეტი გავლენა მოეხდინათ უკრაინის დახმარებაზე. გეგმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ფონდი ევროპის ქვეყნების მთავრობებს გაუიოლებს ერთობლივ მუშაობას იმაზე, თუ რომელი რესურსები უფრო ესაჭიროება კიევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს