აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის მიტაცებას და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა, – ინფორმაციას Reuters-ი ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ანგარიშები სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოგვიდგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე მისი გუნდის მიერ დახატული სურათისგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ პუტინს კონფლიქტის დასრულება სურს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უახლესი ანგარიში სექტემბრის ბოლოთი თარიღდება.
Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ დაზვერვის მონაცემები ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერის მტკიცებას, რომ ის ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
წყაროების ცნობით, დაზვერვის ანგარიშები დიდწილად ემთხვევა ევროპელი ლიდერებისა და სადაზვერვო სააგენტოების შეხედულებებს, რომ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების ტერიტორიების, მათ შორის ნატო-ს წევრი ქვეყნების, დაუფლება სურს.
„დაზვერვა ყოველთვის ამბობდა, რომ პუტინს მეტი სურს. ევროპელები ამაში დარწმუნებულები არიან. პოლონელები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები თვლიან, რომ ისინი პირველები არიან“, – განუცხადა Reuters-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა „დემოკრატიული პარტიიდან“ მაიკ კვიგლიმ.
www.interpressnews.ge




