საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაჯილდოების ცერემონია გამართა – ნომინანტები 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით შეირჩნენ.
2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ეთერ ლიპარტელიანი და სანდრო ბაზაძე.
2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში გახდნენ ფიგურული მოციგურავეები – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
2025 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში გახდა კალათბურთელი თორნიკე შენგელია.
2025 წლის აღმოჩენა – „ოლიმპიური იმედი“ – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა.
2025 წლის აღმოჩენა – „ოლიმპიური იმედი“ – ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე.
2025 წელს ქალთა სპორტის მიმართულებით საუკეთესო მწვრთნელები – მეგი ქადაგიძე (ტყვიის სროლა) და თეიმურაზ ჯანჯღავა (ძალოსნობა) გახდნენ.
2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად კახაბერ მოცრაძე (ძიუდო) დასახელდა.
ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტული ჟურნალისტი, პოეტი, რედაქტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სეოკის თანადამფუძნებელი პაატა ნაცვლიშვილი დაჯილდოვდა.
2025 წელს სეოკის ვერსიით საუკეთესო სპორტულ გუნდად ძიუდოს ნაკრები დასახელდა.
ხოლო 2025 წლის საუკეთესო ფედერაცია ფარიკაობის ფედერაცია გახდა.
ასევე, მოეწყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია. სესიაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, 2026 წლის გაზაფხულზე ჩასატარებელი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება, აუდიტის ანგარიში და სხვა საკითხები განიხილეს. საანგარიშო სესიაზე ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.




