რადიო თავისუფლება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ევროკომისიის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება.
კერძოდ, ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე აღნიშნული შეზღუდვა, შესაძლოა დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შეეხოთ, ხოლო შემდეგ უკვე ქვეყნის მთლიან მოსახლეობას.
გამოცემა წერს, რომ ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, უვიზო მიმოსვლა საქართველოს იმ წესების მიხედვით გაუუქმდება, რომელიც ძალაში ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.
კერძოდ, რადიო თავისუფლების ცნობით, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსტიტუტმა უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და მოუწოდა მას, რომ მიეღო შესაბამისი ზომები აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად.
მიუხედავად ამისა, ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები და “ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციები,” რის გამოც კომისია განიხილავს, შესაბამისი ზომების მიღებას “ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში.”
„ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომების მიუღებლობაზე…
მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს…
საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება სრულიად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და მოხვდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა სავალდებულოა”, – წერს რადიო თავისუფლება ანგარიშზე დაყრდნობით.
17 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა განახლებული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ბლოკს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია იმ მესამე ქვეყნებისათვის, სადაც უვიზო რეჟიმი ბოროტად გამოიყენება ან ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.



