“გვიანი იქნება მხოლოდ იმ მომენტში, სიკვდილი რომ მოვა თავისი ცელით, მანამდე სულ არის დრო” – მაია ასათიანის მონოლოგი თავიდან დაწყებული ცხოვრების შესახებ – Marao

“გვიანი იქნება მხოლოდ იმ მომენტში, სიკვდილი რომ მოვა თავისი ცელით, მანამდე სულ არის დრო” – მაია ასათიანის მონოლოგი თავიდან დაწყებული ცხოვრების შესახებ – Marao
„ძალიან მეშინია არ დავემსგავსო ადამიანებს, ვინც მხოლოდ წარსულ დიდებაზე საუბრობენ. მთავარია, ვინ ხარ აწმყოში. მე მენატრება წარსული, რომელიც აღარასდროს განმეორდება – რა წამსაც ეს გავიაზრე მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო და დავიწყე ფიქრი, რა მიყვარს ჩემი საქმესავით არა… მაგრამ, მეორე ადგილზე რას გავიყვანდი და ეს ნამდვილად არის…
მიუხედავად იმისა, რომ „ტალახიანი“ რეპორტიორი ვარ, ძალიან მიყვარს თავის მოვლის საშუალებებზე საუბარი, კვლევა, ამოცნობა…
მეორე დღესვე ბიზნესი არ შემიქმნია, ჯერ დავიწყე სწავლა, ახლაც ვსწავლობ და პროცესში სწავლა კიდევ უფრო მარგებელია. ვინც ამბობს, რომ უკვე გვიანია. გვიანი იქნება მხოლოდ იმ მომენტში, სიკვდილი რომ მოვა თავისი ცელით. მანამდე სულ არის დრო.
მონოლოგს ასე ვამთავრებ: „მე ეს შევძელი, გამოგივა შენც!“, – ამბობს მაია ასათიანი VV International-ის მხარდაჭერით მომზადებულ პოდკასტში.
მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. განსაკუთრებული პოპულარობა კი საავტორო შოუ “პროფილმა” მოუტანა.
მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა “ალიონში” იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში კი იგი კორესპონდენტის ამპლუასაც წარმატებით ირგებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა “პროფილი”, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს… მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. “ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს”, – ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.