გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა მხარი
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში“.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, 16 წინააღმდეგ წავიდა, 73-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ძალის გამოყენებით მიტაცება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასევე ადასტურებს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში.
გაერო ღრმად შეშფოთებულია, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს გაერო-ს სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციების, სპეციალიზებული სააგენტოებისა და ორგანოების შესაბამის გადაწყვეტილებებს. ორგანიზაცია გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის, მათ შორის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიების დროებით ოკუპაციას.
რეზოლუციაში წერია, „საოკუპაციო ძალები არ იცავენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს და ხელშეკრულებებს, რომელთა მხარეც უკრაინაა, რაც ზღუდავს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლების შესაძლებლობას, ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტური თავისუფლებით“.
დოკუმენტი ეფუძნება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის დასკვნებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი გაუჩინარების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს ადასტურებს.
ორგანიზაცია გმობს რუსეთის უარს გატაცებული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელების ბედის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა იმ ადგილებში, სადაც ტყვეები იმყოფებიან.
გაერო ასევე მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ განახორციელოს ტყვეების სრული გაცვლა, გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და სრულად გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.




