„შავი ზღვა–კასპიის ზღვის“ დერეფანი „ტრასეკას“ კონფიგურაციას იმეორებს, მისი ინოვაციურობა რაში მდგომარეობს, გაუგებარია“ – პაატა ცაგარეიშვილი

,,შავი ზღვა – კასპიის ზღვა“ ახალი სატრანსპორტო მარშრუტია, რომლის შესახებაც 8 დეკემბერს მთავრობის ოფიციალური განკარგულებიდან გავიგეთ.
დოკუმენტის მიხედვით, დერეფნის განვითარების ინიციატორები რუმინეთი, საქართველო და აზერბაიჯანია.
სავარაუდოა, რომ აღნიშნული საკითხი განიხილეს აშხაბადში, 12 დეკემბერს გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე. მეტიც, ღონისძიების პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, , მზადაა ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.
ამ დროისთვის უცნობია, რა მასშტაბის გადაზიდვებზე იქნება გათვლილი „შავი ზღვა – კასპიის ზღვის“ დერეფანი; გარდა ამისა, უცნობია ახალი მარშრუტის ინოვაციურობაც.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის, პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, ახალი სატრანსპორტო დერეფანი უკვე არსებული „ტრასეკას“ კონფიგურაციას იმეორებს და რეალურ სიახლედ მხოლოდ რუმინეთის მიმართულების დამატება იკვეთება – მიუხედავად იმისა, რომ კონსტანცასთან საბორნე ხაზები შავი ზღვის გავლით აქამდეც ფუნქციონირებდა, ინიციატივა „ინოვაციად“ არის შეფუთული.
,,ეს დერეფანი, ფაქტობრივად, „ტრასეკას“ დანიშნულებას იმეორებს, მისი სიახლე რაში მდგომარეობს, მართალი გითხრათ, გაუგებარია. პრემიერის ეს „ინოვაცია“ ჩემში არავითარ სიახლეს არ ტოვებს.
ერთადერთი სიახლე ისაა, რომ რუმინეთია დამატებული, რეალურად კონსტანცაში საბორნე ხაზები შავი ზღვის გავლით ისედაც ფუნქციონირებდა.
შუა დერეფანში თურქმენეთი არ ფიგურირებს, მაგრამ აღნიშნული ქვეყანა სწორედ ტრანსეკას განშტოებაა.
რაც შეეხება იმას, რომ “შავი ზღვა-კასპიის ზღვა” მეტად მულტიფუნქციური იქნება, აქაც ვერ ვხედავ რამე ინოვაციას, რადგან მულტიმოდალური სისტემით გაზის ტრანსპორტირება ფაქტობრივად, გამორიცხულია“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
ბოლო პერიოდია, გააქტიურდა საუბარი შუა დერეფნის კიდევ ერთ კონკურენტულ მიმართულებაზე – ტრანსავღანურ დერეფანზე, რომელზედაც ცენტრალური აზიის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ.
ტრანსავღანური დერეფანი ყაზახეთისთვის მარცვლეულისა და ფქვილის ბაზრების რეალიზებას, ხოლო უზბეკეთისთვის – ელექტროენერგიის მიწოდებას და ტრანზიტის განხორციელებას უკავშირდება.
პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ინიციატივის ეტაპს უკვე გასცდა და განხორციელების რეალურ ფაზაშია.
„ეს პროექტი უკვე რეალობაა, ანუ საფინანსო ინსტიტუტებია ჩართული და კონკრეტული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებიც არსებობს. ტრანსავღანურ დერეფანს ორი განშტოება აქვს: ერთი – აღმოსავლეთით და მეორე -დასავლეთით.
ამ პროექტში ჩართულია ირანიც და დიდ სამუშაოებსაც აწარმოებს, მათ შორის ავღანეთის საზღვართან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამართვის კუთხით.
ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა ტრანსავღანურ დერეფანს განიხილავს, როგორც შუა დერეფნის ალტერნატივას. მათი მიზანია, რომ ხუთივე სახელმწიფომ ავღანეთი, , ირანის მიმართულებით როგორმე ზღვაზე გასასვლელის გაჭრან“, – აღნიშნა სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა, პაატა ცაგარეიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.