ნუ, სამარცხვინოა, არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით. ხომ იცით, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო – ასეა მაგათი [ოპოზიციის] საქმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან რეალურად, ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებზე შანსები ნულს ქვემოთ არის.
რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, მე არ ვიცი, აქციის ჩატარება თუ უნდათ რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია ხელს რატომ შეუშლის? აბსოლუტურად გაუგებარია. მაგრამ აქაც ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ გზების გადაკეტვას. აბსოლუტურად, ძალიან დიდი აბსურდია. არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციას არანაირი გადაკეტვა არ სჭირდება, მთლიანად იქნება განახლებული და როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, შემდეგ ბოლო ეტაპი იქნება უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. როდესაც გამზირის რეაბილიტაციას დავიწყებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ქუჩის გადაკეტვა დროებით. გაკეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებები და მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ეს იქნება მას შემდეგ, როდესაც დავასრულებთ ფასადების და არსებული შენობების განახლებას.
თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
2024 წელს თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას დაიწყებს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდება. თავდაპირველად, ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები მოწესრიგდება, ბოლოს კი უკვე საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები.