კალასი: “ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ არ აპირებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხთან დაკავშირებით წინსვლას, სანამ მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს. ამის შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტის შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა მცდარი მიმართულებით მიჰყავს, მიჰყავს არა ვეროკავშირის მიმართულებით. ამიტომ ჩვენი ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხისადმი არის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ სანამ მთავრობა დგამს არასწორ ნაბიჯებს ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ ვაპირებთ” – განცხადა კაია კალასმა.
სამიტის დაწყებამდე ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მისი სიტყვებით “სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება”.
“სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებასთან თანხვედრაში არ არის… სანამ არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის წესები დაცული უნდა იყოს, ვფიქრობ, მანამდე ვითარება რთული იქნება”, – თქვა ნაუსედამ.
18-19 დეკემბრის ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის ში არსებულ ვითარებას და ფინანსური მხარდაჭერის საკითხს. დღის წესრიგშია ასევე: გაფართოება, გეოეკონომიკური სიტუაცია და ევროპის თავდაცვა.
ნოემბრის ბოლოს რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროპული საბჭოს მიერ დასამტკიცებელი დასკვნების დოკუმენტის პროექტის საქართველოს შეფასების ნაწილი, რომელიც ეფუძნება ევროკომისიის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიშს და მასში აღნიშნულია, რომ “საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ მისწრაფებისადმი” და რომ “საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნისადმი ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება.
საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღების, მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის, ოპოზიციის ლიდერების დევნის, საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაპატიმრებებისა და სამოქალაქო სივრცის დავიწროების ჩათვლით”.
ევროპული საბჭოს მომავალ დასკვნებში, დიდი ალბათობით, დაგმობენ “საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივების გავრცელებას”, მოუწოდებენ მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ და თვითნებურად დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ. დოკუმენტში კიდევ ერთხელ გამოითქმება მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში