„საქართველო უკვე 9 მარშრუტის გამტარი ხდება“ – რას მოუტანს ქვეყანას ახალი მარშრუტი „შავი ზღვა – კასპიის ზღვა“?

საქართველო, თურქმენეთი, რუმინეთი და აზერბაიჯანი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის დაარსებას გეგმავენ. სატრანსპორტო დერეფნის სახელი „შავი ზღვა – კასპიის ზღვა“ იქნება.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას traceca.ge-ს დამფუძნებელი ზურაბ მაღრაძე განმარტავს, რომ „შავი ზღვა – კასპიის ზღვა“ არც ისე ახალი ინიციატივაა და მის შესახებ საუბარი 2018 წელს დაიწყო. კერძოდ, ექსპერტების შეხვედრაზე, რომელიც აშხაბადში გაიმართა. ამის შემდეგ, 2019 წლის მარტში ბუქარესტში 4 ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს „კასპიის ზღვა შავი ზღვის“ მარშრუტის განვითარების შესახებ ხელშეკრულებას. 2024 წლის ივლისში თურქმენეთმა ამ მარშრუტის საკითხი კიდევ ერთხელ გააჟღერა.
„საქართველო უკვე 9 მარშრუტის გამტარი ხდება. ჩვენი ქვეყანა თავისი ფუნქციონალით არის აბრეშუმის გზის მრავალმხრივი დერეფნის კვანძი და თავის მხრივ, თურქმენეთიც ცდილობს, პროცესში ჩაერთოს. ყველა შემთხვევაში, აბრეშუმის გზის დანიშნულება არის ის, რომ მასში მონაწილე ქვეყნებმა ეკონომიკური სარგებელი მიიღონ. ამ ეკონომიკურ სარგებლიანობაში წამყვანი სტატუსის მქონე ქვეყანა საქართველოა“, – აცხადებს ზურაბ მაღრაძე.
მისივე განმარტებით, თურქმენეთის, როგორც ელექტრო რესურსების მფლობელის ინტერესია, ევროკავშირისკენ ბუნებრივი აირის გადაზიდვები განახორციელოს. მით უმეტეს, რომ როგორც ზურაბ მაღრაძე აღნიშნავს, ნავთობის ეკონომიკაზე კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები უარს ეტყვიან, ვინაიდან ნავთობის ეკონომიკას მომავალი აქვს, მაგრამ ბუნებრივი აირი ჯერ კიდევ წარმოადგენს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან რესურსს.
„შუა აზია მხოლოდ ევროპის მიმართულებით არ იყურება, ის ასევე თანამშრომლობს ჩინეთთან. ბუნებრივია, ჩინეთი 3-ჯერ მეტია ევროპის სამომხმარებლო ბაზართან შედარებით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩინეთის გავლენების გაძლიერება მსოფლიოსთვის გამოწვევაა, რასაც რა თქმა უნდა, შუა აზიელები ითვალისწინებენ.
ევროკავშირი არის წამყვანი და გადამწყვეტი აბრეშუმის გზის ფორმირების ნაწილში და ბუნებრივია, შეეცდება აღმოსავლეთით თავისუფალი ბაზრის სივრცის გაზრდას, რაშიც მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც მოიაზრება. ეს გარდაუვალი პროცესი მგონია იმდენად, რამდენადაც ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორები ჰქონდათ თავის დროზე ბალტიის ქვეყნებსაც, პოლონეთსაც, ხორვატიასაც, მაგრამ დღეს ისინი თავისუფალი ბაზრის სივრცის ნაწილები არიან. ასე მოხდება შიც, მოლდოვასა და საქართველოშიც“, – ამბობს ზურაბ მაღრაძე.