FBI-ს სპეციალური აგენტის, ჯეფრი ველტრის პრესკონფერენცია ვიტელომი ინოსენტის ძებნილთა სიის პირველ ათეულში დამატებასთან დაკავშირებით, 2023 წლის 15 ნოემბერი
აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ჰაიტელი ბანდის ლიდერი, ვიტელომის სახელით ცნობილი განგსტერი ამერიკელი მისიონერების გატაცებისა და მკვლელობის გამო ძებნილთა სიის პირველ ათეულში შეიყვანა.
პარალელურად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ, ვინც გამოძიებას ვიტელომი ინოსენტის დასაკავებლად გამოსადეგ ინფორმაციას მიაწვდის, $2 მილიონს გადაუხდიან.
ჰაიტიური ბანდის ლიდერს აშშ-ში ბრალი ორ ფაქტთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი: 2021 წელს 16 ქრისტიანი მისიონერის გატაცებისთვის, 2022 წელს კი მისიონერ მარი ფრანკლინის მკვლელობისთვის და მისი ქმრის, ჟანის გატაცებისთვის.
2021 წელს დატყვევებულთა უმეტესობამ, რომელთა შორის 5 ბავშვიც იყო, 61-დღიანი ტყვეობის შემდეგ განგსტერებისგან გაქცევა მოახერხა, დანარჩენები კი გაათავისუფლეს. ჟან ფრანკლინი კი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა გამოსასყიდი გადაიხადა.
FBI მიიჩნევს, რომ ვიტელომი ჯერ კიდევ ჰაიტიშია. დაპატიმრებისა და გასამართლების შემთხვევაში, ბანდის ლიდერს აშშ-ში სიკვდილით დასჯა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ ჰაიტიში განგსტერული ბანდების ძალაუფლების ზრდასთან ერთად გამოწვეული ქაოსის გათვალისწინებით, ვიტელომის ადგილსამყოფლის ცოდნის შემთხვევაშიც კი მისი დაკავება ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.
ჰაიტიში ბანდები 2021 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ გაძლიერდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
ოქტომბრის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ ჰაიტიში ბანდებთან ბრძოლაში დასახმარებლად კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ძალების გაგზავნას დაუჭირა მხარი, თუმცა, ქვეყნები, რომლებსაც ოპერაციაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.