ევროპარლამენტში „ოცნების“ მიერ ქიმიური აგენტის შესაძლო გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს

ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავებაზე.

დეპუტატებმა მოითხოვეს მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში გასულ ცნობებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გარეული ქიმიური აგენტის გამოყენების თაობაზე.

„BBC-ის გამოძიება ამხელს, რომ 2024 წელს პროტესტის ჩახშობისას გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი. ქიმიკატები წყლის ჭავლში იყო შერეული. ეს უნდა იქნას გამოძიებული და მხილებული. მოვუწოდებ კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ, რათა დაიწყოს საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება. ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია დამოუკიდებელი გამოძიების, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და სასჯელის ეშინიათ. ეს მიუთითებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები, დიდი ალბათობით, სიმართლეა“, — განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP) რასა იუკნევიჩიენემ.

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა ტობიას კრემერმა თქვა, რომ თუ ცნობები სიმართლეა, ეს ნიშნავს,  რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს საბოლოო უარი უთქვამს ევროპულ ოჯახთან შეერთების ამბიციაზე.

„კოლეგებო, წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც სუნთქვას გიკრავთ, კანს გიწვავთ, იწვევს ძლიერ ხველასა და ღებინებას, და არა მხოლოდ რამდენიმე წუთით ან საათით, არამედ დღეებისა და კვირების განმავლობაში. ნივთიერება იმდენად საზარელია, რომ როცა მის ჩამობანას ცდილობთ, ის უფრო ძლიერად გწვავთ. ეს არის „კამიტის“ ეფექტი — პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი, რომელიც სანგრებში ბრძოლისთვის გამოიყენებოდა, დღეს კი ვხედავთ დამოუკიდებელ ცნობებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ის კვლავ გამოიყენეს აქ, ევროპაში. ამ ცნობების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში გაურია და მიმართა არა დამპყრობელი არმიის, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; ქალების, ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, ქართველები კვლავ ბედავენ მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიული რეჟიმისთვის, კანონის უზენაესობისთვის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ევროპული მომავლისთვის“, — განაცხადა კრემერმა.

კრემერმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების და „ქართული ოცნებისთვის“ რეალური სანქციების დაწესების მნიშვნელობას.

„BBC-ის გამოძიებისა და სხვა კვლევების თანახმად, გასულ წელს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ წყლის ჭავლებში გამოყენებული იქნა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი. არ შეიძლება ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს დანაშაულია. და ჩვენ გვჭირდება სრული და დამოუკიდებელი გამოძიება. მოვუწოდებ კომისიას ამისკენ, რომ ჩაატაროს სრული და დამოუკიდებელი გამოძიება“, — დასძინა კატლინ ვან ბრემტმა ასევე სოციალ-დემოკრატებიდან.

„ასობით ადამიანი სცემეს მშვიდობიანი პროტესტისთვის. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაც კი გაამართლეს. დღეს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე რუსეთში. მამაცი ჟურნალისტები, როგორიცაა წლევანდელი „სახაროვის პრემიის“ ლაურეატი მზია ამაღლობელი, ციხეში არიან. გამოჩენილი ოპოზიციონერები, თუნდაც ჩემი პოლიტიკური ოჯახიდან ALDE-დან, გისოსებს მიღმა არიან. და „ქართული ოცნება“ არ ჩერდება. „ოცნების“ მაღალჩინოსნები კრემლის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები არიან საქართველოსა და ევროპის წინააღმდეგ. ისინი ეხმარებიან რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. ევროკავშირმა ზედმეტად დიდხანს იცადა და ახლავე უნდა დააწესოს მიზანმიმართული სანქციები. შეუჩერეთ უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს. ფასი მათ უნდა გადაიხადონ და არა საქართველოს მოქალაქეებმა“, — განაცხადა მალიკ აზმანმა Renew Europe-დან.

დაინიუს ჟალიმასმა (ლიეტუვა, Renew Europe) ასევე აღნიშნა, რომ „კამიტეს“ გამოყენება იქნებოდა ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის დარღვევა, ამიტომ აუცილებელია დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ფაქტების დადგენისა და პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უნივერსალური იურისდიქციის მეშვეობით.

„ჩვენ განსაკუთრებით აღშფოთებულნი უნდა ვიყოთ მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების სერიოზული ბრალდებით. ამ საკითხზე სრული და დამოუკიდებელი გამოძიება აუცილებელია. საერთო დემოკრატიული უკუსვლა და კრემლის მიმბაძველ რკინის მუშტის რეჟიმამდე დაცემა სავალალოა. „ქართული ოცნება“ კოშმარად ექცა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ევროკავშირის წევრობას. თუმცა არ არის გვიან, საქართველო ევროპულ გზაზე დადგეს, რასაც მისი მოქალაქეების სამი მეოთხედი უჭერს მხარს. მათ აქვთ სრული უფლება, ჰქონდეთ უკეთესი, უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი“, — განაცხადა ხორვატიელმა დეპუტატმა ტონინო პიცულამ.

შოკის მომგვრელი უწოდა BBC-ის მიგნებებს კშიშტოფ ბრეიზამ EPP-დან:

„ასე მოქმედებს პრორუსული ავტორიტარიზმი საქართველოში. ანადგურებენ ოპოზიციას, სცემენ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, პროევროპული ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებულნი არიან ფიქტიური ბრალდებებით. ჩამოვთვალოთ ისინი: ზურაბ ჯაფარიძე, , ან თუნდაც . ესენი არიან გმირები, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფალი, პროევროპული საქართველოსთვის. მაგრამ საქართველო ყოველთვის ეკუთვნოდა ევროპას. ის არასდროს ყოფილა კრემლის ფეხსაწმენდი. ვერ შეძლებს ქართველი ერის რუსიფიკაციას, რადგან ქართველები ნამდვილი ევროპელები არიან და უყვართ თავისუფლება“, — თქვა პოლონელმა დეპუტატმა.

ევროპის რეფორმატორებისა და კოსერვატორების ჯგუფის (ECR) წარმომადგენელმა მალგოჟატა გოშიევსკამ აღნიშნა, რომ დამნაშავეა და რეჟიმი იყენებს ქიმიურ, მწველ ნივთიერებებს სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირის დროშები უჭირავთ.

-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს. ამერიკელებმა მას თავისი სახელი დაარქვეს — რუსული აქტივი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო აპარატი, რათა დაენგრია საქართველოს სუვერენიტეტი. ჩვენ ვერ მოვიჩვენებთ თავს, თითქოს პარტნიორობა გვაქვს ს რწმუნებულთან. შეშფოთების გამოხატვის დრო დასრულდა. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავუწესოთ სანქციები ივანიშვილს“, — განაცხადა გოშიევსკამ.

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენება დაგმო რუმინელმა ევროპარლამენტარმა დან ბარნამ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცდილობს უარყოს, რომ წყალში შერეული იყო მომწამლავი ნივთიერება ბრომბენზილციანიდი, მაგრამ აღიარებს, რომ ქიმიური დანამატები იყო. ამგვარად, მმართველები ფიზიკურ ბრძოლაში ჩაებნენ საკუთარი ერის წინააღმდეგ, რომელიც თბილისის ქუჩებში იცავს ევროპას არა მხოლოდ სიმბოლოებით, როგორიცაა დროშები, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. და ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილზე კვლავ დისლოცირებულია რუსული ჯარი. ამიტომ, მოვლენები საქართველოში არასდროს არის მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საქმე. ევროპას არ შეუძლია ზურგი აქციოს თავისუფლების მოყვარე ერს. აუცილებელია დემოკრატიული ზეწოლა. ნუ დავტოვებთ მებრძოლ ხალხს მარტო, რადგან ეს ნიშნავს არა მხოლოდ მათი მოლოდინების გაცრუებას, არამედ თავად ევროპული იდეის სანდოობის შესუსტებას მთელ ევროპაში“, — განაცხადა ლიეტუველმა დეპუტატმა EPP-დან, ლიუდას მაჟილისმა.

ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში, რაც გამოიხატება ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა თუ მომიტინგეების დევნაში. თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი „რუსკი მირის“ სახელმძღვანელოს მიჰყვება და საჭიროა მიზანმიმართული სანქციების დაწესება სა და მისი საყრდენებისადმი.

„ოცნების“ პოზიციები ტრადიციულად დაიცვეს ევროსკეპტიკოსმა დეპუტატებმა „სუვერენულ ერთა ევროპიდან“ და პოლიტიკურ ჯგუფებს მიღმა დარჩენილმა ევროპარლამენტარებმა.

„შევახსენებ კომისიას, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა — ევროკავშირის კოლონია. ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ და არა ოპოზიცია. რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილი დიქტატორი იყო და ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. „ქართულმა ოცნებამ“ მათ მშვიდობა და გონივრული კეთილდღეობა მოუტანა. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სუვერენული თანასწორობის პრინციპს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ძირი გამოვუთხაროთ საქართველოს მთავრობას ან გავგზავნოთ ევროკავშირის გადასახადის გადამხდელთა მილიონები რეჟიმის ცვლილების ოპერაციებისთვის. ქართველებს აქვთ სრული უფლება, აირჩიონ თავიანთი გზა. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი მივიღოთ ისინი ევროკავშირში, ეს ისედაც არ იყო მაინცდამაინც მოსალოდნელი. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისინი პარტნიორებად და საქართველოსთან უნდა გვქონდეს პატივისცემასა და ორმხრივ სარგებელზე დამყარებული ურთიერთობები“, — თქვა ჩეხმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ანდრეი დოსტალმა.

ასევე, ECR-ის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა დაკარგოს საქართველო.

„გაფართოება უდავოდ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უნდა იყოს. მაგრამ გაფართოება ამავდროულად ევროკავშირის მთავარი გეოსტრატეგიული ინსტრუმენტია. მოდით, ცეცხლი არ წავუკიდოთ დიპლომატიას და ჰაერში არ ავწიოთ სტრატეგიული პარტნიორობები. ევროპის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში დიპლომატიურად და პოლიტიკურად უნდა გაძლიერდეს, რადგან ევროპა, რომელიც იქ არაა, სუსტი ევროპაა“, — აღნიშნა შერბან-დიმიტრიე სტურზამ რუმინეთიდან.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ოდესღაც ლიდერი ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მიტაცებით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სასტიკი დარბევითა და ს გაყალბებით, მეტყველებს იმაზე, რომ სამეზობლო პოლიტიკას აკლია ეფექტური ინსტრუმენტები დემოკრატიული უკუსვლის თავიდან ასაცილებლად ან მავნე ზეგავლენაზე საპასუხოდ.

ევროპარლამენტში მოუსმინეს ევროკავშირის საბჭოს და კომისიის წარმომადგენლებსაც.

საბჭოს პოზიცია წარადგინა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარი ბიერიმ.

„ერთი წლის წინ ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში თავისი დემოკრატიული უფლებების, სამოქალაქო თავისუფლებისა და, უპირველეს ყოვლისა, ძლიერი ევროპული მისწრაფების დასაცავად. მათი გზავნილი და ნება, იყვნენ ევროპის ნაწილი, იყო თანმიმდევრული და გაბედული.  მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა, დაშინებისა და საჯარო სივრცის შევიწროების მცდელობებისა, ბევრმა გამოიჩინა გასაოცარი სიმტკიცე“, — განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მარი ბიერიმ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ.

„სამწუხაროდ, საქართველო აშკარა უკუსვლას განიცდის იმ ცხრა ნაბიჯთან მიმართებით, რომელთა საფუძველზეც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. და ეს ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზაობას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას.
ეს მოითხოვს ყველა თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების მიღებას ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივის შეწყვეტას“, — განაცხადა ბიერიმ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული გზა ღია რჩება.

„ჩვენ განაჩენი არ გამოგვაქვს. ჩვენ გთავაზობთ საგზაო რუკას ევროპული მომავლისთვის, რომელიც შეესაბამება ქართველების უმრავლესობის სურვილს. როდესაც ჩვენ ვიხსენებთ პროტესტის ერთი წლისთავს, მოდით, დავაფასოთ ათასობით ქართველი, სტუდენტი, ჟურნალისტი, აქტივისტი და რიგით მოქალაქეები, რომლებიც მშვიდობიანად იცავდნენ დემოკრატიას. მათ დაუპირისპირდნენ ძალადობით, დაშინებითა და უსამართლო დაკავებებით. მაგრამ ისინი არ დანებდნენ. მათი სიმამაცე შეხსენებაა იმისა, რომ ევროპული ღირებულებები საქართველოში ცოცხალია“, — განაცხადა ბიერიმ.

ევროკომისარმა დემოკრატიის, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ მაკგრატმა არ გამორიცხა სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ.

„ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო შორდება დემოკრატიულ ნორმებს. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, განაგრძონ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა. პოლიტიკური და ადამიანის უფლებების კრიზისის მასშტაბი საქართველოში არნახულია გაფართოების ქვეყნისთვის. ევროკავშირის 4 ნოემბრის გაფართოების ანგარიშმა მოგვცა საქართველოს დემოკრატიული რეგრესის მკაფიო შეფასება, ისევე როგორც ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკისა, რაც მართლაც უპრეცედენტოა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის. როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული ხელისუფლებისთვის, გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მიზნით. მაგრამ ამის ნაცვლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპული მომავლის წასართმევად“, — განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ამ კვირის ბოლოს გამოქვეყნდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში და წლის ბოლოსთვის ძალაში შევა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ახალი წესები.

„საქართველო განაგრძობს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის იმ ნიშნულების დარღვევას, რომლებიც განაპირობებს მის უვიზო რეჟიმს. ახალი წესები მოგვცემს მეტ ვარიანტს შესაბამისი ზომების მისაღებად. მიმდინარეობს დისკუსიები პოტენციური სანქციების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე“, — განაცხადა ევროკომისარმა.

წყარო