შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა ბრალდებით დააკავეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებული შოთა კაკაურია, შელაპარაკება კი მის საცხოვრებელ სახლთან დაიწყო. კაცმა სამი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ”, – წერია უწყების განცხადებაში.
ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.