„კონფლიქტების გაშუქება“ – პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამულ სივრცეში პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი სახელმძღვანელოს – „კონფლიქტების გაშუქება“ – პრეზენტაცია გაიმართა.
როგორ უნდა გააშუქოს კონფლიქტი ჟურნალისტმა, დაიცვას ეთიკური სტანდარტები და ობიექტურობა, რა ტექნოლოგიები შეიძლება, გამოიყენოს მუშაობის პროცესში? – სწორედ ამ კითხვებს პასუხობს სახელმძღვანელო და ცდილობს, ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული დანაკლისი შეავსოს.
ავტორის განცხადებით, ამ ქაოსურ და სახიფათო რეალობაში თანამედროვე ჟურნალისტის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. მისი მოვალეობაა არა მხოლოდ ფაქტების გადმოცემა, არამედ კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზების გააზრება, მანიპულაციური ნარატივების იდენტიფიცირება და მედიაპროცესებზე გავლენის გაცნობიერება.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ, რადგან წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაციის შესაძლებლობა მომეცა. სახელმძღვანელო მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს, ვინაიდან იგი აერთიანებს კონფლიქტების გაშუქების როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე მიდგომებს. თუკი ადრე აქცენტი ჟურნალისტის უსაფრთხოებაზე კეთდებოდა, რომ მას უნდა ჰქონოდა შესაბამისი აღჭურვილობა, ჩაცმულობა… ახლა მთავარია, უბრალოდ, არ იყოს შესამჩნევი, სასურველი მასალების მოპოვება კი დრონის, მობილური ტელეფონისა თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებითაც შეუძლია.
წიგნში საუბარია როგორც ეთნიკურ, რელიგიურ, ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიურ კონფლიქტებზე. ამ თვალსაზრისითაც, ვფიქრობ, ჩვენი საუნივერსიტეტო სივრცისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება“, – განაცხადა ზაზა ცოტნიაშვილმა.
წიგნი მკითხველს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ადგილობრივ და საერთაშორისო პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს. იგი განკუთვნილია როგორც მედიაპროგრამის სტუდენტებისთვის, ისე მოქმედი ჟურნალისტებისა და დარგით დაინტერესებული პირებისათვის.
როგორც ვალიადოლიდის უნივერსიტეტის (ესპანეთი) ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორმა, ესტელა ალონსო დელ ბარიომ აღნიშნა, წიგნი არ შემოიფარგლება მხოლოდ ომებზე საუბრით. მისი თქმით, საკითხავი მასალა სოციალური, რელიგიური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და საინფორმაციო მიმართულებით კომპლექსური გზამკვლევია.
„ავტორი არ შემოიფარგლება მხოლოდ განმარტებებით, არამედ ამყარებს ცოცხალ დიალოგს მკითხველთან. თითოეული თემა აერთიანებს თეორიას, რეალური ქეისების ანალიზს, საკონტროლო კითხვებსა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც, საბოლოოდ, ჟურნალისტური პროდუქტის შექმნით გვირგვინდება. წიგნი მკითხველს უსვამს მორალურ კითხვას: „რა შემიძლია გავაკეთო მე, როგორც ჟურნალისტმა, რათა ჩემი საქმიანობით წვლილი შევიტანო უკეთესი სამყაროს შენებაში?“ ამ თვალსაზრისით, „კონფლიქტების გაშუქება“ სამშვიდობო პერსპექტივების მატარებელი წიგნია.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო საქართველოში არსებული კონკრეტული საჭიროების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა, აქ წარმოდგენილი თეორიული მიდგომა, სადემონსტრაციო ქეისები და პროფესიული ორიენტირები მას აქცევს წიგნად, რომლის გამოყენებაც წარმატებით შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე“, – განაცხადა ესტელა ალონსო დელ ბარიომ.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ კლასიკური ომები სამოქალაქო და ეთნიკური დაპირისპირებებით ჩანაცვლდა, ხოლო ბრძოლის ველი ფიზიკურიდან, მეტწილად, კიბერსივრცეში გადავიდა და გლობალურ საინფორმაციო ომად იქცა.
სახელმძღვანელოში ხაზგასმულია მედიის პოტენციალი, იყოს არა მხოლოდ მოვლენების მაუწყებელი, არამედ ხიდი საზოგადოებაში ნდობისა და სტაბილურობის ჩამოსაყალიბებლად, – ასე ეხმაურება წიგნის რედაქტორი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე ახალი საკითხავი რესურსის შექმნას.
„მნიშვნელოვანია, რომ წიგნი „კონფლიქტების გაშუქება“, სწორედ ახლა გამოიცა. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც შეიარაღებული დაპირისპირებები, ჰიბრიდული ომები და საინფორმაციო მანიპულაციები ყოველდღიურობად იქცა, ჟურნალისტებისთვის ეთიკური, პროფესიული და უსაფრთხოების სტანდარტების გააზრება გადამწყვეტია.
სახელმძღვანელო აერთიანებს თეორიულ საფუძვლებს პრაქტიკულ მაგალითებთან (მათ შორის, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კონფლიქტების გაშუქების გამოცდილებას). ეს დროული და საჭირო გამოცემა დაეხმარება ჟურნალისტებს, თავიდან აიცილონ გავრცელებული შეცდომები: სენსაციურობა, მიკერძოება, რეტრავმირება და ხელს შეუწყობს უფრო დაბალანსებულ, ზუსტ და კონსტრუქციულ გაშუქებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ახლა გამოჩნდა, როცა ჟურნალისტები ორმაგ ზეწოლას განიცდიან: ერთი მხრივ, სწრაფი ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას, მეორე მხრივ კი, უწევთ ბრძოლა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ.
რესურსი რეკომენდებულია მედიასაშუალებებისთვის, მედიასკოლებისა და საზოგადოებისთვის, ვისაც სჭირდება მკაფიო გააზრება, თუ როგორ ყალიბდება ჩვენი წარმოდგენები კონფლიქტების შესახებ“, – აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.
ნაშრომი ორიენტირებულია, გახდეს შეუცვლელი გზამკვლევი ყველასთვის, ვისაც სურს პროფესიონალურად, ეთიკურად, მაღალი პასუხისმგებლობითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გააშუქოს კონფლიქტები და წვლილი შეიტანოს საზოგადოების სწორად ინფორმირებაში.
წიგნი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანდებით გამოიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა