საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2025 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 227 670 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 227 670 მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი.
227 670 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია – 182880 (80.30%).
41830 ხელშეკრულება (18%) მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 0.90 %-ია გაფორმებული.
ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 18.274 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 5.525 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 3.408 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.869 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.280 მლრდ. ლარი.
ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 65 431 ლარს, სამომხმარებლო სესხის 34 600 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 140306-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 1 637 070 ლარს შეადგენს.
ინფლაციამ ნოემბერში 4.8% შეადგინა. ეს ძირითადად გამოწვეულია სურსათზე თითქმის 11%-იანი ფასების ზრდით. ამ ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა რეგულატორი ფიქრობს, რომ ფასების შემდგომი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. შიდა და საგარეო რისკების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერც რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოხერხდა. ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებს. ის არ ამკაცრებს პოლიტიკას, რადგან თვლის, რომ ინფლაციის ძირითადი ნაწილი მის კონტროლს მიღმაა (სურსათი) და ფუნდამენტური ინფლაცია (საბაზო) კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, თუ მაღალი საერთო ინფლაცია გახანგრძლივდა, ეს მიდგომა შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს და საბოლოოდ მაინც მოითხოვოს გამკაცრება, რისი მზაობაც რეგულატორმა დააფიქსირა.
ინფორმაციას „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.




