ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიას – ჩვენს ე.წ. კოლეგებს გილოცავთ ბედობას, დაგებედათ „ნაცმოძრაობის“ შეკვეთების გამოტანა პარლამენტში – თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა! გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ!

დღეს ბედობაა და ჩვენს ე.წ. კოლეგებს გილოცავთ, დაგებედათ მინიმუმ 1 წლით კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ ნარატივში სიარული, მათი შეკვეთების და მესიჯბოქსების გამოტანა აქ, პარლამენტში, – ასე მიმართა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს.
ამასთან, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის დეპუტატების მიერ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობის და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის დაყენებაც შეაფასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს ასე მიმართა: „თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა“.
„დღეს ბედობაა და ჩვენს ე.წ. კოლეგებს გილოცავთ, დაგებედათ მინიმუმ 1 წლით კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ ნარატივში სიარული, მათი შეკვეთების და მესიჯბოქსების გამოტანა აქ, პარლამენტში. რაც შეეხება ამ თქვენს „კლოუნადას“, რომელიც დადგით აქ, ტრიბუნიდან, თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა! უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი.
მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს, როდესაც საუბრობთ და ახსენებთ დარბევას, საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ ახსენებს გიორგი გახარიას წარმომადგენელი…. კი გაემიჯნეთ რამდენიმე დღის წინ გახარიას, მაგრამ ესეც თქვენი მორალური სახეა. გამიჯვნა, ტყუილი და გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი. ამ „კლოუნადას“ როგორ უნდა გავცეთ სერიოზული პასუხი?!
თქვენგან რომელია სტიპენდიატთან, თქვენი პარტიის თავმჯდომარესთან კონტაქტზე, საიდანაც დაკვეთები მოდის?! ცოტა ღრმად ჩაგიშალონ, რა გააკეთოთ, რა პასუხები უნდა გასცეთ. გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ. გილოცავთ, საბოლოოდ კიდევ 1 წლით დაგებედათ ის „ნაცური“ ნარატივი, რასაც ატარებთ. ახალ რაღაცას გიწინასწარმეტყველებთ საახალწლოდ: შეგიძლია მენეჯერი აიყვანოთ, არამხოლოდ გახარიასგან და “ნაცმოძრაობისგან”, არის კიდევ სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც აფილირებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან და შეგიძლია გაახმოვანოთ, აიღოთ გარკვეული ანაზღაურება ამ კლოუნადის დადგმაში აქ, რომელიმე „ენჯეოს“ თუ დასჭირდა.
ტრიბუნასთანაც არ დავდექით, არ გამოვიყენეთ „კლოუნადის“ საპასუხოდ. კარგი მენეჯერი აიყვანეთ, თანხა მაინც აიღეთ, გაინაწილებთ შემდეგი დაკვეთების შესასრულებლად, ვინმეს ამაში გამოადგებით დესტრუქციისთვის“, -აღნიშნა კირცხალიამ, რის საპასუხოდაც გიგა ფარულავამ მიმართა: „გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გილოცავთ, დღეიდან ჩვენც ნამდვილად დაგებედებით იმ მწვავე საკითხებზე, რომელიც თქვენთვის ასე სენსიტიურია და თქვენში ისტერიკას იწვევს“.