დავით ნარმანია: …ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს

ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტარიფების დადგენა 29 დეკემბრის სხდომაზე მოხდება.
„მიმდინარე წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გადაითვალოს. ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 თეთრით გვქონდა შემცირებული სამომხმარებლო ტარიფები. მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირდაპირ აისახა მომხმარებლებზე. პირველ რიგში, ეს არის არასწორად დარიცხული გადასახადები, ან ხანდაზმული დავალიანებები, რომელთა ჩამოწერაზეც კომისია მთელი წლის განმავლობაში მიღებული განცხადებების საფუძველზე რეაგირებდა. ჯამში ასეთი ფორმით, მომხმარებლების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამი 1 მილიონ ლარამდეა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კომისიის მიერ დადგენილი მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის, ასევე განსაზღვრული ვადების დარღვევისთვის, ჩვენი სისტემა ავტომატურად არიცხავდა მომხმარებლებს კომპენსაციას და ჯამში, წლის განმავლობაში, მომხმარებლებზე დარიცხულმა კომპენსაციამ, რაც მათ კომუნალურმა კომპანიებმა უნდა გადაუხადონ შეადგინა 5.7 მლნ ლარზე მეტი“,- განაცხადა ნარმანიამ.