მასშტაბური ამნისტია აზერბაიჯანში, სავარაუდოდ, პოლიტპატიმრებს არ შეეხება

აზერბაიჯანში ს მიერ გამოცხადებული ამნისტია კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წლის აღსანიშნავად, დაახლოებით, 20 ათას ადამიანს შეეხება. ადგილობრივმა აქტივისტებმა ამნისტიის ინიციატივა დადებითად შეაფასეს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის პოლიტპატიმრების პრობლემას ქვეყანაში ვერ გადაჭრის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პარლამენტს ამნისტიის აქტი უკვე წარუდგინა.
ამნისტიის პროექტი ითვალისწინებს სასჯელისგან ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის 2020 წლის 44-დღიან ომსა და 2023 წლის 19–20 სექტემბრის ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ამნისტია გავრცელდება ასევე ამ ოპერაციების დროს დაღუპულთა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლო ნათესავებზე, აგრეთვე იმ ადამიანებზე, რომლებიც სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალდნენ. ამასთან, ამნისტია შეეხება ქალებს, 60 წელზე უფროს პირებს და მათ, ვინც დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვანი იყო. გარდა ამისა, ამნისტია გავრცელდება საზოგადოებისთვის მცირე საშიშროების მქონე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებზე.
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე ამნისტია აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე მასშტაბური იქნება და 20 ათას ადამიანს მოიცავს. მათგან ნაწილი გათავისუფლდება თავისუფლების აღკვეთის სახით დაკისრებული სასჯელისგან, ნაწილს შეუმცირდება პატიმრობის ვადა.
ამნისტიის შესახებ დადგენილების პროექტი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წყარომ მათ განუცხადა, რომ ამნისტიის აქტის პროექტი პარლამენტში 2025 წლის ბოლომდე განიხილება და დამტკიცდება, მისი შესრულება კი დაუყოვნებლივ დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში დასრულდება.
„ჩვენ ძალიან ბევრი მსჯავრდებული გვყავს, ბევრი მათგანი უსამართლო გამოძიებისა და სასამართლოს მსხვერპლი ხდება, ამიტომ ნებისმიერი შეწყალება და ამნისტია ბევრ უსამართლოდ მსჯავრდებულს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პოლიტპატიმრების უმრავლესობა ციხეებში დარჩება. საქმე ისაა, რომ პოლიტპატიმრებს, როგორც წესი, მძიმე მუხლებით ასამართლებენ, ხოლო ამ კატეგორიაზე ამნისტია არ ვრცელდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლის კავშირის თანაკოორდინატორმა ელშან გასანოვმა “კავკაზსკი უზელთან”.
„ნებისმიერი შეწყალება ან ამნისტია მისასალმებელია: აზერბაიჯანის ციხეები ისედაც გადავსებულია და ამნისტია ათასობით ადამიანს გაუხსნის კარს. ამნისტიის აქტის პროექტის სრული ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, თუ რომელ კატეგორიებზე გავრცელდება და რომელებზე – არა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის პოლიტპატიმრების უმრავლესობას არ შეეხება, რომელთა რიცხვი დაახლოებით 400-ს აღწევს. საქმე ისაა, რომ პოლიტპატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა ბრალდებულია ან უკვე მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულებისთვის, ხოლო ამ კატეგორიაზე ამნისტია არ ვრცელდება“, – აცხადებს იურისტი გამოცემასთან, რომელიც სააგენტოს ცნობით, ანონიმურობას არჩევს.
2024 წელს აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების რაოდენობამ პირველად 2000-იანი წლების დასაწყისის შემდეგ 300-ს გადააჭარბა. 7 ოქტომბერს კავშირმა „აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის“ გამოაქვეყნა პოლიტპატიმრების ახალი ეროვნული სია, რომელშიც უკვე 392 გვარი შევიდა. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.