ზელენსკი: ჯერ ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზაციის აუცილებლობას

უკრაინის პრეზიდენტმა მ ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ფრონტზე დამატებით ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზების აუცილებლობას.
„ჯერჯერობით ვერ დავინახე საკმარისი რაოდენობის გასაგები დეტალი, რათა ვთქვა, რომ ნახევარი მილიონის მობილიზაციაა საჭირო,“ თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ასეთი პოზიცია არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ მას „ახლა სურს, ვიღაცას მოაწონოს თავი“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა ფინანსურ მხარეზეც. მისი სიტყვებით, რომლებიც მოჰყავს RBC Ukraine-ს, მობილიზაციის უზრუნველსაყოფად პარტნიორები სახსრებს არ იძლევიან.
დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გენერალურმა შტაბმა მას 450-500 უკრაინელის მობილიზაცია სთხოვა. ახალი მობილიზაციის აუცილებლობის შესახებ ილაპარაკა ასევე უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილო ბუდანოვმა. „იმის გაფიქრებაც კი შეუძლებელია, რომ მობილიზაციის გარეშე შევძლებთ ფონს გასვლას. უკმარისობა საგრძნობია,“ მოჰყავს BBC-ს ბუდანოვის სიტყვები Financial Times-ისთვის მიცემული მისი ინტერვიუდან.
დეკემბრის ბოლო დეკადაში უკრაინის მთავრობამ ვერხოვნა რადაში შეიტანა კანონპროექტი მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის სრულყოფის შესახებ. დოკუმენტის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ, სხვათა შორის, ქვეყანაში გაწვევის მაქსიმალური ასაკი 25 წლიდან 27-მდე შემცირდება. ამ ასაკის შემდეგ მამაკაცები დაექვემდებარებიან არა გაწვევას, არამედ მობილიზაციას.
დოკუმენტმა დავა გამოიწვია პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში და ახლა მიმდინარეობს მისი გადამუშავება.