პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მანიფესტაციების დაშლისას გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის განხილვის გარეშე დასრულდა.
საკითხის ინიციატორის – ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, განხილვა ხვალ, 17 დეკემბერს გაიმართება.
“საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგში ასახულია. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” დღევანდელი განხილვისთვის მზად არ იყო და მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ ან არის მეორე მიზეზი – ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა ბოლოა, თებერვლამდე სხდომები აღარ გაიმართება და აღნიშნული საკითხი ბოლოსკენ მოიტოვეს. სურთ, საკითხს შემდგომი გაგრძელება აღარ ჰქონდეს და უჩუმრად ჩაფარცხონ. მათ ეს საკითხი ძალიან ადარდეთ, რადგან იციან, რომ სიმართლეს ვერ გაექცევიან“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის წევრმა გიორგი შარაშიძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ასახულია ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და აღნიშნული კომისიის მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ფრაქციას ინიციატივის წარდგენის და განხილვის შესაძლებლობა დღეს გამართულ სხდომაზე ექნებოდა.პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიურომ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა ასახოს. კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას კი, 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.




