ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამემამულეები – რატომღაც ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებას მხოლოდ რუსეთში მცხოვრები ქართველები ახსენდება. მაგრამ არაფერს აკეთებს იმ ადამიანების დასახმარებლად და დასაბრუნებლად, ვინც საქართველოდან კონკრეტულ პრობლემას გაექცა. ხშირ შემთხვევაში იმდენად ტრივიალურს, რომ მისი ადგილზევე მოგვარება წესით სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. ბოლო წლებში, საფრანგეთში მასობრივი მიგრაცია მოხდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ ერთადერთი მიზნით წავიდნენ და ჩაბარდნენ დევნილად – იმკურნალონ და გადარჩნენ.
ხშირ შემთხვევაში საუბარია ონკოპაციენტებსა და ბავშვებზე – ბავშვები, რომლებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადებები აქვთ. სამკურნალო მიგრაციის მიზეზი კი არის ის, რომ საქართველოში ან ვერ ხერხდება დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, ან არასწორად დანიშნული მკურნალობით პაციენტის მდგომარეობას პირიქით ამძიმებენ და ა.შ.
საფრანგეთს ადგებიან ერთი შეხედვით არც ისე მძიმე დიაგნოზების მქონე პაციენტებიც, ვისი მდგომარეობაც საქართველოში დანიშნული არასწორი მკურნალობით დაამძიმეს. არის შემთხვევებიც, როცა ევროპაში ჩასული პაციენტები არკვევენ, რომ მედიკამენტი, რომელიც მას საქართველოში დაუნიშნეს, საფრანგეთში უკვე ორი ათეული წელია ხმარებიდან ამოღებულია.
ერთი სიტყვით, ჯანდაცვის მიგრაცია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ თავად ფრანგებმა გადაწყვიტეს კვლევა ჩაეტარებინათ საქართველოში, იმის გასარკვევად, თუ რატომ გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა.
დასკვნები კი ნამდვილად საგანგაშოა. ქვეყანაში კრიტიკულად მაღალია არასწორი დიაგნოზებისა და არაადეკვატურად დანიშნული მკურნალობის მაჩვენებელი, და უკიდურესად დაბალია ექიმებისადმი პაციენტების ნდობა. ყველაზე დაბალ განვითარებული დარგები კი აღმოჩნდა ონკოლოგია და ფსიქიკური დაავადებები. ხშირია პაციენტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაც.
არადა ჯანდაცვის ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ ლარს. თუმცა ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, მით უმეტეს თუ მაღალია კორუფციის რისკები. ამ ყველაფრის შედეგი კი ჯანდაცვის კატასტროფული ხარისხია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი